weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთსა და იმერეთში ბიზნესისთვის 6.8 მილიონი ევრო გამოიყო

16:46 ოთხშაბათი, 12 დეკემბერი 2018

რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთსა და იმერეთში მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში 6.8 მილიონი ევრო დაიხარჯება. ოთხწლიანი პროექტი 2019 წელს დაიწყება.

სამთო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, პროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი მიმწოდებლებისთვის ტურისტული სერვისების მიწოდების ეროვნული ხარისხის სტანდარტებისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებას; შემუშავებული სტანდარტების საფუძველზე სასტუმროებისა და სამთო/სამოგზაურო გიდების სერტიფიცირებას. პროექტის ფარგლებში ასევე მოხდება გამოცდილების გაზიარება ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე, სამთო/სამოგზაურო გიდებისა და სასტუმროების მესაკუთრეების შესაძლებლობების განვითარება, სასწავლო მიზნებისთვის საჩვენებელი სამთო სასტუმროს შექმნა.

ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების ფარგლებში პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ორგანული სოფლის მეურნეობის კანონმდებლობის ჰარმონიზებას ევროკავშირის ორგანულ სოფლის მეურნეობის კანონმდებლობასთან, შიდა კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებას, სერტიფიცირების სააგენტოების და აგრო-საკონსულტაციო მომსახურების მიმწოდებლების შესაძლებლობების განვითარებას; ორგანული სოფლის მეურნეობით დაკავებული ან დაინტერესებული ფერმერული კოოპერატივების გაძლიერებას; ასევე, საკონსულტაციო მომსახურების განვითარების ხელშეწყობას და ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორში მწარმოებლებს, მიმწოდებლებსა და გამყიდველებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას.

ოთხწლიანი პროექტი დაფინანსებულია ევროკომისიის (3 მილიონი ევრო), შვედეთის (2.8 მილიონი ევრო) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ (1 მილიონი ევრო). პროექტს ავსტრიის განვითარების სააგენტო განახორციელებს 9 კაციანი გუნდის საშუალებით, რომელიც მესტიასა და თბილისში იქნება განთავსებული.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, ევროკავშირი დარწმუნებულია საქართველოს მთიანი რეგიონების მაღალ პოტენციალში: „პროექტი ხელს შეუწყობს მთიანი რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას და შემოსავლის ზრდას, ამავდროულად დაიცავს მათ ბუნებრივ სილამაზეს და კულტურულ მემკვიდრეობას“.

„ამ პროექტით გვეძლევა დიდი შესაძლებლობა, რომ ვისწავლოთ ერთმანეთისგან და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ევროპაში საქართველოსადმი, როგორც სამთო ტურიზმის დანიშნულების ადგილისადმი უკვე არსებული მზარდი ინტერესი. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს საქართველოსადმი, როგორც ორგანული პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყნისადმი ინტერესის ზრდაც“, - განაცხადა ავსტრიის ელჩმა არად ბენკომ.

პროექტი „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი მთის ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (GRETA)“ შემუშავდა 49 მილიონი ევროს ღირებულების ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანიც არის საქართველოს ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარება.

პროგრამას ხელი 21 ნოემბერს, ბრიუსელში მოაწერეს. შეთანხმება ითვალისწინებს ევროკავშირის და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბიზნესისთვის სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესება, თანამედროვე ფინანსური სერვისების განვითარება და ინოვაციური ბიზნეს მოდელების შემუშავება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]