ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის, ვებგვერდზე Vali.ge ატვირთულია ინფორმაცია 464 522 მსესხებლის, 843 908 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა კი 3 275 651 430 ლარია.
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია 12 საფინანსო ორგანიზაციიდან შეძენილი სესხები/კრედიტები:
- სს „საქართველოს ბანკი“
- სს „თიბისი ბანკი“
- სს „ლიბერთი ბანკი“
- სს „სილქ როუდ ბანკი“
- სს „ხალიკ ბანკი საქართველო“
- სს „იშბანკი საქართველო“
- სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“
- სს „ბაზის ბანკი“
- სს „ტერა ბანკი“
- სს „კრედო ბანკი“
- შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო“ (სესხის გამცემი: Lendo.ge, Pino.ge, Banko.ge)
- შპს „ემ კოლექტორი“ (სესხის გამცემი: Sohocredit.ge)
ვებგვერდზე Vali.ge საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი მარტივი ეტაპის გავლა: 1) მსესხებლის პირადი ნომრის შეყვანა; 2) დაბადების დღე/თვე/წელი შეყვანა; 3) უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის მონიშვნა.
აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, თუ მსესხებელი იპოვის თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში გაუნულდება ვებგვერდზე გამოტანილი დავალიანება. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი ფიქრობს, რომ სესხის პატიების პროგრამა ეხება, მაგრამ საკუთარი მონაცემები აღნიშნულ სიაში ვერ იპოვა, უნდა მიმართოს იმ ფინანსურ სუბიექტს, ვისი ფინანსური დავალიანებაც აქვს და ბაზაში მონაცემების ატვირთვა სთხოვოს.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ინტენსიურად მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მიწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში, ერთიან მონაცემთა ბაზას კვლავ დაემატება განახლებული მონაცემები.