weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა

16:02 ხუთშაბათი, 03 იანვარი 2019

2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. საპენსიო შენატანის გადახდა ევალება ყველა დასაქმებულს და მის სასარგებლოდ ყველა დამსაქმებელს და სახელმწიფოს. ამასთან, იმ დასაქმებულს, რომელსაც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე შეუსრულდა 40 წელი ან მეტი, 2019 წლის პირველი აპრილიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით შეეძლება საპენსიო სქემიდან გასვლა. ასეთ შემთხვევაში მას, ასევე მის დამსაქმებელს და სახელმწიფოს სრულად დაუბრუნდებათ შესაბამისად განხორციელებული საპენსიო შენატანები.

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სქემაში მონაწილე დასაქმებულის საპენსიო შენატანების დაფინანსება ხორციელდება შემდეგნაირად:

  • დამსაქმებელი ხელფასის გაცემისას მონაწილე დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით ახორციელებს საპენსიო შენატანს დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2%-ის ოდენობით;
  • დამსაქმებელი მონაწილე დასაქმებულის სახელით, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით ახორციელებს საპენსიო შენატანს დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2%-ის ოდენობით;
  • მონაწილე თვითდასაქმებული ახორციელებს საპენსიო შენატანს თავისი წლიური შემოსავლის 4%-ის ოდენობით;
  • სახელმწიფო მონაწილის სასარგებლოდ, მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხავს 2%-ს დასაქმებულის დასაბეგრი ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის იმ მოცულობაზე, რომელიც ჯამურად არ აღემატება მონაწილის მიერ წლიური ხელფასის სახით ან/და თვითდასაქმებულის მიერ შემოსავლის სახით მიღებულ 24 000 ლარს; ან 1%-ს, თუ მონაწილის მიერ ხელფასის სახით ან/და თვითდასაქმებულის მიერ შემოსავლის სახით მიღებული თანხა 24 000 ლარიდან 60 000 ლარამდეა. სახელმწიფო არ განახორციელებს საპენსიო შენატანს დასაქმებულის დასაბეგრი წლიური ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის იმ მოცულობაზე, რომელიც აღემატება 60 000 ლარს.

 

ვისთვის არის ნებაყოფლობითი შენატანების განხორციელება?

ნებისმიერი თვითდასაქმებული საპენსიო სქემაში წევრიანდება ნებაყოფლობით. ასევე, საპენსიო სქემაში ნებაყოფილობით შეუძლიათ გაწევრიანდნენ დასაქმებული ქალბატონები, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე შეუსრულდათ 55 წელი ან მეტი და დასაქმებული მამაკაცები, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე შეუსრულდათ 60 წელი ან მეტი.

 

როდის არის შესაძლებელი პენსიის გატანა?

პენსიის გატანა, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, შესაძლებელია მხოლოდ საპენსიო ასაკში, რომელიც მამაკაცების შემთხვევაში წარმოადგენს 65 წელს, ხოლო ქალბატონების შემთხვევაში 60 წელს. ამასთან, ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გადაავადოს პენსიის მიღება მისი საჭიროებებიდან გამომდინარე ან, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოს საპენსიო თანხის ერთიანად მიღება.

 

საპენსიო ასაკში რა ფორმით შეიძლება პენსიის გატანა?

პენსიის გაცემა შესაძლებელია მოხდეს:

  • პროგრამული გაცემის გზით, რაც გულისხმობს დაგროვილი საპენსიო თანხის სიცოცხლის მოსალოდნელ დარჩენილ ხანგრძლივობაზე გაყოფას და ყოველთვიური პენსიის სახით მიღებას;
  • ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე დაგროვილი საპენსიო აქტივით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენის საშუალებით, რაც გულისხმობს მონაწილის მიერ კერძო საპენსიო სადაზღვევო პროდუქტის შეძენას და პენსიის მიღებას სიცოცხლის ბოლომდე;
  • მთლიანი თანხის ერთჯერადი გაცემის გზით. ასეთი მეთოდით გატანა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი გაწევრიანდა საპენსიო სქემაში საპენსიო ასაკამდე არაუმეტეს 5 წლით ადრე, ან თუ მონაწილეს მიენიჭება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, ან თუ მონაწილე დატოვებს საქართველოს და წარმოადგენს სხვა სახელმწიფოში კანონიერი, მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სათანადოდ დამოწმებულ დოკუმენტს.

 

რა მოსდის საპენსიო დანაზოგს მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში?

მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე დაგროვილი საპენსიო თანხა წარმოადგენს მონაწილის უპირობო და ხელშეუხებელ საკუთრებას და მისი უფლებები გადაეცემა მონაწილის კანონიერ მემკვიდრეს.

 

რა ფორმით შეეძლება მემკვიდრეს პენსიის მიღება?

გადახდა შეიძლება განხორციელდეს ერთიანად ან საპენსიო აქტივების გადატანით მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, მემკვიდრის არჩევანის შესაბამისად.

 

შეეძლება თუ არა მონაწილეს დანაზოგის ნახვა?

თითოეულ მონაწილეს გაწევრიანებისთანავე შეექმნება ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში, რომლის ნახვა და მონიტორინგი შესაძლებელი იქნება ნებისმიერ დროს ელექტრონული წვდომის საშუალებით ან/და საპენსიო სააგენტოსთვის მიმართვის გზით.

დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია სსიპ „საპენსიო სააგენტო“. საპენსიო სააგენტოს ოფისი თბილისში, ყიფშიძის 7ბ-ში მუშაობს. დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომერზე – 2197676. დამსაქმებლებს შეუძლიათ რეგისტრაციის გავლა საპენსიო შენატანების ადმინისტრირების სისტემაში – ვებგვერდზე pensions.ge.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]