„ამასთან ერთად, იგი ხელს უწყობს სხვადასხვა დარგის განვითარებას და ადგილობრივ დონეზე საერთაშორისო გამოცდილების გადმოტანას, ცოდნის გაზიარებასა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.
საქართველოს აქვს დიდი მომავალი სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით. ამ მხრივ უკვე არჩეული გვაქვს კონკურენტუნარიანი მიმართულებები, როგორებიც არის სტომატოლოგია, პლასტიკური ქირურგია და კარდიოლოგია.
ამ პაკეტის დამუშავებას განვაგრძობთ, რათა არსებული შედეგი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და დამატებითი ზრდა შემოვიტანოთ ჩვენს ტურისტულ სექტორში“, – განაცხადა ბახტაძემ.
პრემიერის თქმით, სამედიცინო ტურიზმთან ერთად საქართველოს ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს გამაჯანსაღებელ ტურიზმშიც. როგორც ბახტაძემ თქვა, ქვეყანაში 180-ზე მეტი ადგილია, რომლის ათვისება და განვითარება ტურისტების ნაკადს გაზრდის.
„ასევე დაგეგმილი გვაქვს, განვავითაროთ შეხვედრების ინდუსტრია, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ საქართველომ, სხვადასხვა დარგის პროფესიონალების მეშვეობით, საერთაშორისო დონეზე წარმოაჩინოს საკუთარი მიღწევები და გაუზიაროს მსოფლიოს მნიშვნელოვანი პრაქტიკა, რომელიც დღეს ქვეყანაში ინერგება“, – თქვა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, მთავრობის მთელი ძალისხმევა ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების სერვისის მკვეთრად გაუმჯობესებისკენ უნდა იყოს მიმართული.