weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველო ყველაზე წარმატებული სამთო-სათხილამურო კურორტების ქვეყანა იქნება – პრემიერი

16:11 შაბათი, 19 იანვარი 2019

„საქართველო აუცილებლად დაიმკვიდრებს ადგილს მსოფლიო რუკაზე, როგორც ყველაზე წარმატებული სამთო-სათხილამურო კურორტების მქონე ქვეყანა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კობი-გუდაურის ახალი, 7.5 კილომეტრიანი საბაგირო გზის გახსნისას.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბოლო 6 წლის განმავლობაში გუდაურში ტურისტების რაოდენობა 500%-ით გაიზარდა, რაც ძალიან დიდი წარმატებაა, მაგრამ საკმარისი.

„ჩვენ გვსურს, საქართველოში სამთო-სათხილამურო კურორტები იყოს მსოფლიოში საუკეთესო. გუდაური წლევანდელ სეზონს შეხვდა ძალიან ბევრი სიახლით, მაგრამ ეს პროექტი მართლაც უნიკალურია. მისი რეალიზაციის შედეგად ჩვენ შევძლებთ კობის, გუდაურის და სტეფანწმინდის ერთ კლასტერად განვითარებას. შვეიცარიისა და ავსტრიის საუკეთესო კურორტებმა სწორედ აღნიშნული სტრატეგიის რეალიზაციის მეშვეობით შეძლეს საუკეთესო შედეგების მიღწევა და დარწმუნებული ვარ, ჩვენც მივუახლოვდებით ჩვენი ევროპელი მეგობრების დონეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ტურისტული პოტენციალის ზრდასთან ერთად, ახალი საბაგირო გზა დიდთოვლობის დროს მოქალაქეებს გადაადგილების საშუალებასაც მისცემს.

„ეს პროექტი დაგვეხმარება, რომ გავუმკლავდეთ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას, რომელიც გვაქვს ყოველ ზამთარს, როდესაც კობი-გუდაურის საავტომობილო გზა იკეტება. დღეიდან, თითოეული მოქალაქე შეძლებს, დიდთოვლობის ან ზვავსაშიშროების დროს ისარგებლოს აღნიშნული საბაგიროთი და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

ეს პრობლემა სისტემურად გადაწყდება, როდესაც 2023 წელს დავასრულებთ 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობას, მაგრამ ამ წლების განმავლობაში ეს პროექტი დაგვეხმარება, გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას“, – აღნიშნა ბახტაძემ.

7.5 კილომეტრიანი კობი-გუდაურის საბაგირო გზა გუდაურის საბაგიროების ერთიან სისტემაში ერთიანდება. მისი გამტარუნარიანობა საათში 2 800 მგზავრია. პროექტის განხორციელებისთვის 81 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]