weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სოკარი რეგიონებში კომერციულ აბონენტებს გაზს 9 თეთრით უძვირებს

13:48 ხუთშაბათი, 31 იანვარი 2019

შპს „სოკარ ჯორჯია გაზი რეგიონებში კომერციული აბონენტებისთვის ტარიფს ზრდის. კომპანიის განცხადებით, 2019 წლის პირველი მარტიდან საცალო კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი 1 კუბურ მეტრზე 95 თეთრი იქნება, დღგ-ს ჩათვლით.

როგორც „რეგინფოს“ კომპანიაში განუცხადეს, კომერციული აბონენტებისთვის დღეს მოქმედი ტარიფი 86 თეთრია, შესაბამისად, ზრდა 9 თეთრს შეადგენს.

„ფასის კორექტირება გამოწვეულია ეროვნული ვალუტის აშშ დოლართან გაცვლითი კურსისა და განაწილების ტარიფის ცვლილებით“, – განმარტავენ „სოკარში“.

კომპანიის ამ გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს საქართველოს ენერგოომბუდსმენი. სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, „სოკარის“ მიერ ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადება არ არის საკმარისად არგუმენტირებული და შემოთავაზებული ტარიფის ოდენობა არ იწვევს ნდობას.

„აღსანიშნავია, რომ „სოკარ ჯორჯია გაზი“ ემსახურება საქართველოს რეგიონებს, სადაც არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს წარმოადგენს ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელთა მომხმარებელიც აგრეთვე არის შედარებით დაბალანაზღაურებადი კონტიგენტი და სოციალურად დაუცველი მოსახლეობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიის გადაწყვეტილება უარყოფითად აისახება რეგიონულ ქალაქებსა და სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებზე“, – აცხადებს ენერგოომბუდსმენი.

არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფის დადგენის საქმიანობა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კომპეტენციაში არ შედის. სალომე ვარდიაშვილი ამბობს, რომ ეს ლიცენზიატ კომპანიებს ტარიფის განსაზღვრის დროს მეტ თავისუფლებას ანიჭებს.  

„მიგვაჩნია, რომ გაზის მიწოდების საქმიანობა სრულად უნდა იყოს რეგულირებადი და ტარიფების დადგენა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მარეგულირებელი კომისიის მიერ, მკაცრად განსაზღვრული მეთოდოლოგიის მიხედვით“, – აცხადებს ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]