ქობულიამ იმედი გამოთქვა, რომ სამართალდამცავი უწყებები საკითხში დეტალურად გაერკვევიან.
„ჩემი შეფასებით, აქ არის ძალიან დიდი სამართლებრივი კომპონენტი. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი სამართალდამცავი უწყებები, პროკურატურა დეტალურად გაერკვევიან ამ საკითხში. ეს არის მათი პრეროგატივა“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
საქართველოს ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გაწვევას ითხოვს და ამ გადაწყვეტილების შესასრულებლად საბჭოს ორ თვეს აძლევს. 14 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ ამ მოთხოვნის საფუძველია „თიბისი ბანკის“ შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება.
„საკითხის შესწავლისას გამოვლინდა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.
მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, 11 წლის წინანდელი საკითხი, რაზეც ახლა მიმდინარეობს მსჯელობა, „მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იურიდიულმა კომპანია DENTONS-მა შეისწავლა და დაადგინა, რომ არა თუ ფულის გათეთრებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ან რამე კრიმინალურ ქმედებას, არამედ ინტერესთა კონფლიქტსაც კი არ ჰქონია ადგილი“. ხაზარაძე ამბობს, რომ ის და ჯაფარიძე თავიანთი საქმის დათმობას და უსამართლობასთან შეგუებას არ აპირებენ.