როგორც „რეგინფოს“ ეკონომიკის სამინისტროში განუმარტეს, აღნიშნული სქემა ამოქმედდება „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ქვეშ, რომელიც განახორციელებს სქემის ადმინისტრირებას/ოპერირებას. სქემა დაფუძნებული იქნება პორტფელის გარანტიებზე და სესხის შეფასება ბანკის მიერ განხორციელდება.
საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში გარანტია გაიცემა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ სექტორებში, როგორიცაა - წარმოება, გადამუშავება, ექსპორტზე ორიენტირებულ საქონელი და მომსახურება (მათ შორის BPO), განათლება და სხვა.
2019 წლის ბიუჯეტში 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში გაცემული სესხების უზრუნველსაყოფად.
საკრედიტო-საგარანტიო სქემის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ყველა ის რეზიდენტი მეწარმე-სუბიექტი, რომლის ბრუნვა არ აღემატება 20 000 000 (ოც მილიონ) ლარს.
სამინისტროს ინფორმაციით, საკრედიტო საგარანტიო სქემა მნიშვნელოვნად შემცირებს არასაკმარისი უზრუნველყოფით გამოწვეულ ფინანსებზე წვდომის პრობლემას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და დამატებით ბიძგს მისცემს ეკონომიკის და დასაქმების ზრდას.
„საწარმოთა გამოკითხვაზე დაფუძნებული არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით - მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, ჯერჯერობით, კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. სწორედ მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებისთვის იქმნება საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი“, - განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში.
საკრედიტო-საგარანტიო სქემის კონცეფცია ამჟამად დამუშავებისა და შეთანხმების პროცესშია ეროვნულ ბანკთან და ფინანსთა სამინისტროსთან, შესაბამისად შეიძლება მისი კორექტირება მოხდეს.