weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ხაზარაძე – ვიმყოფებით უპრეცედენტო წნეხის ქვეშ სახელმწიფო უწყებების მხრიდან“

13:00 სამშაბათი, 19 თებერვალი 2019

„თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ბანკის 7000-მდე თანამშრომელს ელექტრონული ფოსტით წერილი გაუგზავნა, სადაც ამბობს, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან უპრეცენდენტო შეტევა ხორციელდება, ბანკის ხელში ჩაგდების მიზნით. ამ ინფორმაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

შეტყობინება, რომლის ნამდვილობა, როგორც „რუსთავი 2“ იუწყება, რამდენიმე წყაროსთან გადაამოწმეს, ბანკის თანამშრომლებმა გუშინ, ხაზარაძისა და ჯაფარიძის ბრიფინგამდე მიიღეს.

წერილის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მეგობრებო, თიბისელებო.

ჩვენ ბიზნესისტორიის 29 წლის განმავლობაში ვიმყოფებით უპრეცედენტო შემოტევებისა და წნეხის ქვეშ სახელმწიფო უწყებების მხრიდან. ეს არის ორკესტრირებული თავდასხმა, რომლის მიზანია ჩამოგვაშორონ მე და ბადრი ჩვენს საკუთარ საქმეს, რომელსაც 27 წელი შევწირეთ თქვენთან ერთად. ასევე, ჩვენ და ბანკს დაგვაბრალონ ყველაზე საშინელი დანაშაული, ფულის გათეთრება და შემდეგ დაეპატრონონ ბანკს. ამას ვერ დავუშვებთ!

ჩვენი გუნდი არის წარმატების მაგალითი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ჩვენ ერთად შევქმენით ეს უნიკალური კულტურის, ურთიერთობებისა და ტრადიციების მქონე პროფესიონალთა გუნდი, დღეს ამ გუნდის გახლეჩვა და დაშლა უნდათ. ამას ვერ დავუშვებთ!

დღეს, როგორც არასდროს, ერთად დგომა არის გადარჩენის ერთადერთი შანსი, ბრძოლა არ იქნება ხანმოკლე. სჭირდება გამძლეობა და სიმამაცე.

ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ უთანასწორო და უსამართლო ომში. ჩვენ ვიბრძოლებთ! ჩვენ გავიმარჯვებთ!“.

საქართველოს ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოდან თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის გაწვევას ითხოვს. ამ გადაწყვეტილების შესასრულებლად ეროვნულმა ბანკმა „თიბისის“ ორთვიანი ვადა მისცა. 14 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ ამ მოთხოვნის საფუძველია „თიბისი ბანკის“ შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება.

მანამდე, იანვრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს. 9 იანვარს, მთავარმა პროკურატურამ განმარტა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო.

„გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილში და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M“-მა, „თიბისი ბანკისგან“, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც „თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს. 2008 წლის ბოლოს, „თიბისი ბანკმა“, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას“, – განაცხადეს პროკურატურაში.

მათივე ცნობით, „სამგორი თრეიდს“ და შპს „სამგორი M“-ს სესხები ისე ჩამოიწერა, რომ ამ კომპანიებს სესხის მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გაუღიათ და აღნიშნული სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია. გარდა ამისა, პროკურატურის მტკიცებით, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ასევე არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი M“-ის ვალი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]