weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ახალი გზების მშენებლობისთვის საქართველო 250 მლნ ევროს სესხს მიიღებს

13:38 სამშაბათი, 19 თებერვალი 2019

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოს სესხის სახით 250 მილიონ ევროს გამოუყოფს. მთავრობის ინფორმაციით, ამ თანხით რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს მაგისტრალების მშენებლობა დაფინანსდება.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები უფრო აქტიურად განავითარონ.

„250 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მიმართული იქნება კონკრეტულ პროექტებზე, როგორიცაა რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს მაგისტრალების მშენებლობა-რეაბილიტაცია. მოგეხსენებათ, აღნიშნული მაგისტრალები  საქართველოს საგზაო-სატრანსპორტო ხერხემლის მნიშვნელოვან მონაკვეთებს წარმოადგენს და ხელს უწყობს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდას და ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერებას“, – განაცხადა ბახტაძემ.

EIB-ის ვიცე-პრეზიდენტის ვაზილ ჰუდაკის თქმით, ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროკავშირის ფინანსური ინსტრუმენტია და მათი საქმიანობა ადასტურებს იმას, რომ საქართველო უფრო დიდი ევროპული სივრცის ნაწილია.

„250 მილიონი ევროს გამოყოფა ახალი გზების მშენებლობისა და არსებულის რეაბილიტაციისთვის, ევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოებისთვის, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქარი მაგისტრალის განვითარებას გულისხმობს, საქართველოს მისცემს საშუალებას, ევროპას კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს, გამოიყენოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა და პოტენციალი ევროპისა და აზიის დასაკავშირებლად. ჩვენ ძალიან დიდი სიხარულით ვუწყობთ ხელს ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებას, როგორიცაა გზები, რკინიგზა“, – განაცხადა ვაზილ ჰუდაკიმ.

მისივე ინფორმაციით, 250 მილიონი ევროს მოცულობის სესხი არის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტის – 6.1 მილიარდი ევროს ფარგლებში, რომელიც ევროკომისიის გადაწყვეტილებით გამოიყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]