weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ტურიზმის ინფრასტრუქტურისთვის 138 მილიონი ლარია გამოყოფილი - მინისტრი

18:40 ოთხშაბათი, 20 თებერვალი 2019

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სამინისტროს საქმიანობაში ერთ-ერთი პრიორიტეტი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობაა. მისივე თქმით, წელს ამ მიმართულებისთვის 138 მილიონი ლარია გამოყოფილი.

„2019 წელს დაგეგმილი გვაქვს თრუსოს დაცულ ტერიტორიად ქცეული ზონის ტურისტული ინფრასტრუქტურით მხარდაჭერა, ასევე, ასურეთში შვაბების ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობის დასრულება და მსგავსი პროექტები, რომლებიც ნამდვილად შეცვლან რეგიონებში არსებულ ვითარებას და გააჩენენ ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისთვის“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.

მინისტრის თქმით, ტურიზმის მიმართულებით, 2019 წელს, 138 მილიონი ლარს ღირებულების 41 პროექტიის განხორციელებაა დაგეგმილი.

„ონსა და ოზურგეთში ვგეგმავთ ახალი მუზეუმების მშენებლობას, ვიზიტორთა ცენტრების, პარკინგების და ასეთი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ფოკაში, ბოდბეში, ატენის სიონში, კაცხის სვეტთან და ყველა მსგავს ტურისტულ ლოკაციასთან, რომელიც ხშირად ტურისტული ინფრასტრუქტურის განახლებას და დამატებით ბიძგსაც საჭიროებს“, - აღნიშნა მინისტრმა.

მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, უფრო დიდი პროექტებია ქუთაისში, ძველი უბნის რეაბილიტაცია, აბასთუმნის სრული ურბანული განახლების პროექტი, მესტიასა და უშგულში კოშკების რეაბილიტაცია.

„ცალკე მინდა შევეხო მთის კურორტებს. ბაკურიანი და გუდაური ყოველწლიურად, განსაკუთრებით საახალწლო პერიოდში, ექცევა ყურადღების ცენტრში იქ არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო. თუმცა, ვაღიაროთ, რომ ეს ინფრასტრუქტურული პრობლემები ხშირად გამომდინარეობს სწორედ იმისგან, რომ ქაოტური განაშენიანება და არასწორი დაგეგმარება მოხდა ამა თუ იმ ობიექტის. ბაკურიანში ამ პრობლემების გადასაწყვეტად, 2019 წელს დაგეგმილი გვაქვს შემოვლითი გზის და საზოგადოებრივი პარკინგების მშენებლობა და გაფართოება, მიტარბის საბაგირომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, საკანალიზაციო ქსელის (რომელიც სავალალო მდგომარეობაშია) პროექტირება, მუნიციპალური ტრანსპორტით და ტექნიკით უზრუნველყოფა, პარკის რეაბილიტაცია და მსგავსი პროექტები. ასეთივე ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა გვაქვს დაგეგმილი გუდაურში. ვხედავთ, რომ გარდაუვალია და უნდა შევცვალოთ როგორც ბაკურიანის, ისე გუდაურის და ასეთი ტურისტული ადგილების მართვა. გამომდინარე იქიდან, რომ უკვე სულ სხვა მოთხოვნები გვაქვს ამ კურორტების და იქ გაწეული სერვისის მიმართ, ასევე დაფინანსების თვალსაზრისით, ეკონომიკის სამინისტროსთან ვამუშავებთ ინიციატივებს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმით, 2019 წელს დაგეგმილია გადასახედების/ბელვედერების მოწყობის პროექტებიც, რაც წინასწარ შერჩეულ ადგილებზე გადასახედების და მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. სამინისტროს ცნობით, უკვე შერჩეულია 5 ადგილი კახეთის რეგიონში. იგივე ტიპის პროექტის განხორციელება კიდევ 10-მდე ადგილზე იგეგმება.  

„ამ პროექტში ჩართულები იქნებიან ახალგაზრდა ქართველი არქიტექტორები, რომლებიც კონკურსის პრინციპით გადასახედის კონცეფციაზე იმუშავებენ, ხოლო გამარჯვებული კანდიდატის კონცეფციას, ჩვენ რეალურ პროექტად ვაქცევთ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]