მამუკა ხაზარაძე გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს. მისი თქმით, „თიბისი ბანკი“ შეტევის ქვეშ იმყოფება, რის შედეგადაც მისმა საერთაშორისო აქციონერებმა ერთ თვეში 200 მილიონი დოლარის ზარალი მიიღეს.
„შესაბამისად, ჩვენმა ქვეყანამაც სერიოზულად იზარალა. ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოგვაყენეს სერიოზული რეპუტაციული ზიანი ფულის გათეთრების აბსურდულ საკითხთან ვითომდა კავშირში, რომლის არარსებობა საერთაშორისო დონეზეა დამტკიცებული“, - წერს ხაზარაძე.
როგორც ის აღნიშნავს, რამოდენიმე სახელმწიფო მოხელეს პირადად დაუკავშირდა და შესაბამისი დოკუმენტაციაც გადაუგზავნა, თუმცა არავის, მათ შორის არც პრემიერ-მინისტრს და მინისტრებს, ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრის სურვილი არ გამოუთქვამთ.
„მივხვდი, რომ მიზანი ჩემი დისკრედიტაციაა, იმასაც მივხვდი, რომ აქ, ჩვენთან, წარმატებას ებრძვიან, მივხვდი, რომ კომპანიის ზრდას საქართველოში ლიმიტი უნდა ჰქონდეს დაწესებული.
ჩემზე ასეთი თავდასხმა პირდაპირ აისახება ჩვენი ბანკის რეპუტაციაზე. ბანკი კი არ შეიძლება ხანგრძლივ სასამართლო დავაში იყოს თავის რეგულატორთან, მითუმეტეს თუ ეს უკანასკნელი არაა თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში, მიუხედავად მისი კანონით მინიჭებული მაღალი ხარისხის დამოუკიდებლობისა“, - აღნიშნავს ხაზარაძე.
მისი თქმით, ლონდონში, ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწვეტილება ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტასთან დაკავშირებით, „მხოლოდ და მხოლოდ ბანკის, მისი აქციონერების და დეპოზიტარების ინტერესებიდან გამომდინარე“.
„შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე, ბანკიდან, რომელიც 500 დოლარიდან რეგიონის უმსხვილეს მოთამაშედ ვაქციე ჩემს გუნდთან ერთად.
იმედია, ეს გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს ბანკის მომავალ სტაბილურ და მშვიდ გარემოში განვითარებაზე, მე კი მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს - ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი. იმედია, დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
ის მზადყოფნას გამოთქვამს, რომ 26 თებერვალს პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე მივიდეს და პარლამენტარებსა და საზოგადოებას თიბისი ბანკის საქმის დეტალები გააცნოს.
„ამავე დროს, დამოუკიდებლად გავაგრძელებ ჩემი უფლებების სამართლებრივ დაცვას სასამართლო წესით, როგორც კერძო პირი საქართველოში და უცხოეთში“, - ამბობს ხაზარაძე.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოდან თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის გაწვევა 14 თებერვალს მოითხოვა. ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ ამ მოთხოვნის საფუძველია „თიბისი ბანკის“ შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება.
მანამდე, იანვრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს. 9 იანვარს, მთავარმა პროკურატურამ განმარტა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო.