weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბინის გამქირავებლებს წყლის ტარიფის ცვლილება არ შეეხებათ – სემეკი

11:18 ოთხშაბათი, 27 თებერვალი 2019

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) განმარტებით, მათ მიერ შემუშავებული პროექტი სასმელი წყლის ჰიბრიდულ ტარიფთან დაკავშირებით მხოლოდ საოჯახო ტიპის სასტუმროებს შეეხებათ.

როგორც სემეკში განმარტავენ, პროექტი არ შეეხებათ ბინის გამქირავებლებს – იმ პირებს, რომლებიც ბინებს აქირავებენ (მათ შორის საიტების მეშვეობით) სხვადასხვა მიზნებითა და პერიოდულობით.

ე.წ. საოჯახო ტიპის სასტუმროებისათვის სასმელი წყლის ტარიფის განსაზღვრასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სემეკ-ში 2019 წლის 18 იანვარს დაიწყო. გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადად  26 აპრილი განისაზღვრა.

სემეკის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით, საოჯახო სასტუმროს მფლობელი – პირი, რომელიც მის საცხოვრებელ ადგილას ყიდულობს და მოიხმარს სასმელ წყალს როგორც საკუთარი საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის, ასევე, სტუმრების სისტემატიური მომსახურებისათვის, განიხილება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლად და მოხმარებული სასმელი წყლის სრულ ოდენობაზე საფასური ერიცხება არასაყოფაცხოვრებო ტარიფით.

„ცვლილების მიზანია საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის იმ შესაძლებლობის გათვალისწინება, რომ არასაყოფაცხოვრებო ტარიფით ანგარიშსწორება აწარმოონ მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებულ სასმელ წყალზე, ხოლო საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებულ სასმელ წყალზე - საყოფაცხოვრებო ტარიფით“, – ნათქვამია დადგენილების პროექტში.

პროექტით საოჯახო სასტუმროს მფლობელისთვის გათვალისწინებულია მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვის ორი ალტერნატივა, რომელთა შორისაც მომხმარებელი თავად გააკეთებს არჩევანს.

პირველი მეთოდი ითვალისწინებს სასმელი წყლის მოხმარების აღრიცხვას მთელს ობიექტზე ერთობლივად, რა შემთხვევაშიც, მომხმარებელს არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება მოხმარებული სასმელი წყლის მხოლოდ იმ ოდენობაზე, რაც აღემატება თვის განმავლობაში 20 მ3-ს. ე.ი. 20 მ3 და უფრო ნაკლები სასმელი წყლის ოდენობაზე მომხმარებელი საფასურს გადაიხდის საყოფაცხოვრებო ტარიფით.

მეორე მეთოდი ითვალისწინებს მომხმარებლის ობიექტზე საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მოხმარების განცალკევებულ აღრიცხვას. ამ მეთოდი გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ობიექტზე მკვეთრად არის გამიჯნული საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მიზნით გამოყენებული ფართები.

სემეკ-ის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“  წყლის საყოფაცხოვრებო ტარიფი 0.329 თეთრია (გამრიცხველიანებული). გაუმრიცხველიანებელი აბონენტის შემთხვევაში კი ერთ სულზე 3.892 თეთრს შეადგენს. არასაყოფაცხოვრებო ტარიფი 4.400 თეთრია.

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომრაგების კომპანიის“ საყოფაცხოვრებო ტარიფი გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის 0.499 თეთრია, ხოლო გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისთვის - ერთ სულზე 2.395 თეთრი. არასაყოფაცხოვრებო ტარიფი 4.307 თეთრს შეადგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]