weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

არჩევნების მეორე ტურის წინ გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მივიღეთ – ხაზარაძე

13:53 ორშაბათი, 04 მარტი 2019

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის და სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღეს. ხაზარაძის თქმით, გარკვეული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბანკს საერთაშორისო დონეზე რეპუტაციის „დანგრევით“ ემუქრებოდნენ. ამის შესახებ ხაზარაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

„არჩევნების მეორე ტურის წინ, ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან ვიღებ წერილს, რომელშიც პირდაპირი მუქარით გვეუბნება, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე. ეს წერილი მე მაქვს.

ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი წერილი დაწერეს და სიტყვიერად არ გვითხრეს. იქ იყო მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შევასრულეთ. ამის მერე იცით, რაც მოხდა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მოგვიანებით, დეპუტატ ირმა ნადირაშვილის კითხვაზე პასუხის დროს, ხაზარაძემ დააკონკრეტა, რომ წერილის ავტორი გიორგი გახარია იყო, თუმცა მის გასაჯაროებაზე უარი თქვა: „მე მინდა, არ აღმოვჩნდე იმ სიტუაციაში, რომ წერილებით დავიწყო სირბილი. ეს იყო მუქარის წერილი რაღაცის შესრულების საფასურად, რომელიც ჩვენ არ გავაკეთეთ და არც გავაკეთებთ“.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ის საქართველოს ეროვნული ბანკისა და პროკურატურის წინააღმდეგ დავას გააგრძელებს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ხაზარაძე უნდობლობას უცხადებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც ითხოვს.

„ვაგრძელებ დავას იმიტომ, რომ მიმაჩნია, ის, რაც ჩვენს წინააღმდეგ მოხდა, სცილდება ყოველგვარ ნორმას, ზღვარს და ა.შ. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში ჩამოსული იყო ძალიან ბევრი დელეგაცია. არ დარჩენილან ევროპელი ელჩები და ბანკის პირველ-მეორე პირები, რომლებიც არ ჩამოვიდნენ და ცალ-ცალკე არ შეხვდნენ მთავრობას და ეროვნულ ბანკს. ეუბნებოდნენ, რომ ამ მიმართულებით ამ საკითხის განვითარება არ შეიძლება, ასევე ეუბნებოდნენ, რომ ანაკლიის პროექტს ამ ფორმატში ხელს ვერ მოვაწერთ.

მე არც ბანკს ვეფარები, არც ანაკლიას. გადავდექი, რომ ბანკი მძიმე მდგომარეობაში არ ჩამეყენებინა. მაგრამ როგორც მიდის პროცესები... 600 მილიონს უნდა მოვაწეროთ ხელი მაის-ივნისის თვეში... მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციაში ჩვენი მონაწილეობით მოხდეს ამ კონტრაქტის დახურვა.

სრულ უნდობლობას ვუცხადებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და მისი მოადგილის კომპეტენციას და მინდა, რომ დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი. ასევე მოვითხოვ, რომ შეიქმნას სპეციალური კომისია, სადაც ყველა დეტალზე, მათ შორის წერილზე, ჩაგაყენებთ საქმის კურსში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოდან თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის გაწვევა 14 თებერვალს მოითხოვა. როგორც დღეს ხაზარაძემ თქვა, ეროვნული ბანკი მას და ჯაფარიძეს აშანტაჟებდა. მისივე თქმით, გადადგომის შესახებ განცხადება თავად დაწერა და არავის გადაუყენებია.

მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს. 9 იანვარს, მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ საქმე ეხება 11 წლის წინ განხორციელებულ საბანკო ოპერაციებს, სადაც „აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]