ჯილდო ღვინის კომპანიის დირექტორს, ნათია მეტრეველს ტოკიოში, საზეიმო ვითარებაში გადაეცა. თელავში მდებარე კომპანია „ვაზიანმა“ აღნიშნული კონკურსის უმაღლესი ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა. „ბრილიანტი“ პირველად 2017 წელს, „საფერავი 2015“-მა დაიმსახურა.
საერთაშორისო კონკურსზე „საკურა“ სხვადასხვა დასახელების ქართულმა ღვინომ 24 ჯილდო - 2 ორმაგი ოქრო, 15 ოქრო და 7 ვერცხლის მედალი მოიპოვა. კონკურსი „საკურა“ (Japan Women’s Wine Awards 2019) მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეექვსედ ჩატარდა. მასში 33 ქვეყნის ოთხი ათასზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით - სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.
„მსგავს პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული კომპანიის, ასევე ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას იაპონიის მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარზე“, – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
იაპონია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზარია. ოფიციალური ინფორმაციით, გასულ წელს ამ ქვეყანაში 212 ათასამდე ბოთლი ღვინო იყო ექსპორტირებული. იაპონიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, 2019 წლის 10 მარტიდან 7 მაისამდე პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“ განხორციელდება.