როგორც ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანი გადაწყვეტილების საფუძველზე, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა სოფრომაძის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე რეაგირების მიზნით მოკვლევა უკვე დაიწყო.
„შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელები მზად არიან გაეცნონ იმ ვიდეომასალას, რომელზედაც საჯარო გამოსვლაში ისაუბრა „ფრესკოს“ დამფუძნებელმა და იმ შემთხვევაში, თუკი მოხდება აღნიშნული ბრალდების დადასტურება, სამინისტრო მოახდენს კანონით დადგენილ რეაგირებას.
აქვე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებით, რომ ფინანსთა სამინისტროს სისტემის მოხელეებს, გარდა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისა, არ აქვთ იარაღის ტარების უფლება, ხოლო სამინისტროს როგორც გარე, ისე შიდა პერიმეტრის დაცვა, არ ხორციელდება სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ.
შესაბამისად, მოკვლევის პერიოდში, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი მზადაა, კონკრეტული ინციდენტების არსებობის შემთხვევაში, გაეცნოს შესაბამის ვიდეომასალას და მასალები რეაგირებისთვის გადასცეს ძალოვან უწყებებს
ამასთან, თუკი სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მასალის გამოკვლევის შედეგად, არ დადასტურდა შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ დამფუძნებლის მიერ სამინისტროს თანამშრომელთა წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები, სამინისტრო იტოვებს უფლებას, მიმართოს სამართლებრივ გზას, ასევე, ბატონი სოფრომაძის მხრიდან მოითხოვოს საჯარო ბოდიში საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და სისტემის რეპუტაციის შეგნებულად შელახვის გამო“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფინანსთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს ვასილ სოფრომაძის იმ განცხადებაზეც, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება მის ბიზნესზე ზეწოლას ახდენს. სამინისტროს განცხადებით, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება 2018 წლის 20 თებერვალს დაიწყო. მათივე ინფორმაციით, შემოწმების შედეგად, შემდგარია შესაბამისი საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი, რომელსაც არ ეთანხმება გადამხდელი.
„ამ ეტაპზე, დავას განიხილავს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო, რომლის გადაწყვეტილებაც საჭიროების შემთხვევაში, გადამხდელს, ასევე, შეუძლია გაასაჩივროს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს ფორტში, სადაც წარმოდგენილნი არიან, როგორც სხვადასხვა უწყების, ისე ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები. შესაბამისად, დავის გარშემო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მიგვაჩნია, რომ „შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ დამფუძნებლის მიერ გამოთქმული ბრალდებები სახელმწიფოს მხრიდან მის ბიზნესზე ზეწოლასთან დაკავშირებით, არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.