ამიერიდან ადგილწარმოშობის დასახელების – „ბოლნისი“ – მართებულად გამოყენებაზე სახელმწიფო კონტროლს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ღვინის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.
„აღნიშნული გადაწყვეტილება მიუთითებს ქართული ვაზის ჯიშებისა და მათგან წარმოებული ღვინოების დიდ პოტენციალზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდის კუთხით“, – აცხადებენ ღვინის სააგენტოში.
ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის „ბოლნისი“ დარეგისტრირების მოთხოვნით ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტს“ ბოლნისის მეღვინეთა გაერთიანებამ მიმართა. სწორედ ამ ორგანიზაციამ შეიმუშავა ღვინის „ბოლნისი“ წარმოების სპეციფიკაცია.
„ბოლნისი“ მშრალი ღვინოა, რომელიც შეიძლება იყოს თეთრი, ქარვისფერი, წითელი და ვარდისფერი. ბოლნისის მიკროზონა მდებარეობს ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში. მიკროზონის გეოგრაფიული მდებარეობა, რეგიონისთვის დამახასიათებელი კლიმატი – ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული, ატმოსფერული ნალექების ზომიერი რაოდენობა, ნიადაგების მრავალფეროვნება, რქაწითელის, ჩინურის, გორული მწვანეს, საფერავის, თავკვერის, შავკაპიტოს, ასურეთული შავის ჯიშების ამ ზონისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული მახასიათებლები და მევენახეობა-მეღვინეობის ადგილობრივი, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია განაპირობებს ღვინო „ბოლნისის“ განუმეორებელ, მხოლოდ ამ ღვინისათვის დამახასიათებელ ორგანოლეპტიკურ თვისებებს.