weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ზუგდიდში ფუტკრის დაცემა ფაროსანას წინააღმდეგ წამლობას არ გამოუწვევია – სააგენტო

12:41 შაბათი, 23 მარტი 2019

სურსათის ეროვნული სააგენტო დეზინფორმაციას უწოდებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ცნობას იმის თაობაზე, რომ ზუგდიდში ფუტკარს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატი ანადგურებს. სააგენტოს მტკიცებით, ფუტკრის დაცემა ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობას არ გამოუწვევია, ვინაიდან შეწამვლითი ღონისძიებები გასული წლის ოქტომბერში დასრულდა, მიმდინარე წელს კი ჯერ არ განახლებულა.

„რუსთავი 2“-ის ეთერში 21 მარტს გასული სიუჟეტის მიხედვით, ზუგდიდში ფუტკრის ასობით ოჯახი აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლისას განადგურდა. ტელეკომპანიის ცნობით, მეფუტკრეები ამბობენ, რომ შემოდგომაზე შეწამვლის შემდეგ, მთელი ზამთრის განმავლობაში ამჩნევდნენ, როგორც მცირდებოდა ფუტკარი სკებში. მათივე თქმით, შეწამვლა მოულოდნელად ტარდებოდა და ისინი არავის გაუფრთხილებია. „რუსთავი 2“-ის ცნობით, მეფუტკრეებმა 10 ათასობით ლარი იზარალეს და ხელისუფლებისგან კომპენსაციას ითხოვენ.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ფუტკრის დაცემის ცალკეულ შემთხვევებს მეცნიერებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი შეისწავლის. მათივე განმარტებით, დაფიქსირებული ფაქტების მიზეზების დასადგენად საჭიროა ჩატარდეს კვალიფიციური ლაბორატორიული კვლევები.

„სპეციალისტების აზრით, მიზეზი, შესაძლოა, იყოს სხვადასხვა დაავადება, მათ შორის, ვაროატოზი. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ

მსგავსი ტიპის დეზინფორმაციის გავრცელება ხელს შეუშლის აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანად ჩატარებას. შედეგად, ვერ მოხდება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლისგან დაცვა და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილება“, – აცხადებენ სააგენტოში.

მათივე განმარტებით, მეფუტკრე ფერმერები აქტიურად იქნებიან ჩართული წამლობის ვადების განსაზღვრის და ფუტკრის დაცვის ღონისძიებების შემუშავების პროცესში. მათივე ცნობით, შეწამვლისთვის მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების მიერ რეკომენდებული პრეპარატები გამოიყენება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]