„რუსთავი 2“-ის ეთერში 21 მარტს გასული სიუჟეტის მიხედვით, ზუგდიდში ფუტკრის ასობით ოჯახი აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლისას განადგურდა. ტელეკომპანიის ცნობით, მეფუტკრეები ამბობენ, რომ შემოდგომაზე შეწამვლის შემდეგ, მთელი ზამთრის განმავლობაში ამჩნევდნენ, როგორც მცირდებოდა ფუტკარი სკებში. მათივე თქმით, შეწამვლა მოულოდნელად ტარდებოდა და ისინი არავის გაუფრთხილებია. „რუსთავი 2“-ის ცნობით, მეფუტკრეებმა 10 ათასობით ლარი იზარალეს და ხელისუფლებისგან კომპენსაციას ითხოვენ.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ფუტკრის დაცემის ცალკეულ შემთხვევებს მეცნიერებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი შეისწავლის. მათივე განმარტებით, დაფიქსირებული ფაქტების მიზეზების დასადგენად საჭიროა ჩატარდეს კვალიფიციური ლაბორატორიული კვლევები.
„სპეციალისტების აზრით, მიზეზი, შესაძლოა, იყოს სხვადასხვა დაავადება, მათ შორის, ვაროატოზი. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ
მსგავსი ტიპის დეზინფორმაციის გავრცელება ხელს შეუშლის აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანად ჩატარებას. შედეგად, ვერ მოხდება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლისგან დაცვა და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილება“, – აცხადებენ სააგენტოში.
მათივე განმარტებით, მეფუტკრე ფერმერები აქტიურად იქნებიან ჩართული წამლობის ვადების განსაზღვრის და ფუტკრის დაცვის ღონისძიებების შემუშავების პროცესში. მათივე ცნობით, შეწამვლისთვის მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების მიერ რეკომენდებული პრეპარატები გამოიყენება.