ხელფასის გარდა, სახელმწიფო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის მგზავრობის ხარჯების დაფარვის ვალდებულებასაც იღებს, ვინაიდან ეს სამსახური არ ითვალისწინებს მუდმივად საქართველოში ყოფნას და სრულ განაკვეთზე მუშაობას. განცხადების მიხედვით, საბჭოს წევრები საქართველოს მინიმუმ წელიწადში ერთხელ უნდა ჩამოვიდნენ, წელიწადში სამუშაო საათების რაოდენობა საშუალოდ 72-ს შეადგენს.
საპენსიო სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე დაინტერესებული პირების განაცხადების მიღება 20 აპრილს დასრულდება, რის შემდეგაც შესარჩევ კომისიას 5 დღე ექნება განაცხადების განსახილველად.
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საპენსიო სააგენტოში საინვესტიციო საბჭო საპენსიო აქტივების საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით იქმნება და 5 წევრისგან შედგება.
საინვესტიციო საბჭოს წევრებს 5 წლის ვადით თანამდებობაზე ირჩევს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ხოლო საინვესტიციო საბჭო თავის წევრთაგან სრული შემადგენლობის უმრავლესობით, უფლებამოსილების ვადით ირჩევს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარეს.
საინვესტიციო საბჭოს წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს კეთილსინდისიერი პირი, რომელსაც აქვს ფინანსურ სექტორში ფინანსების, ინვესტიციების, ეკონომიკის, რისკების მართვის ან აქტუარული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 10 წლის პროფესიული გამოცდილება.
საინვესტიციო საბჭოს წევრის თითოეული დაუკავებელი თანამდებობისთვის შესარჩევი კომისია აცხადებს კონკურსს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, არანაკლებ ერთ საერთაშორისო ფინანსურ გამოცემაში განცხადების გამოქვეყნებით. საინვესტიციო საბჭოს წევრის თითოეული დაუკავებელი თანამდებობისთვის შესარჩევი კომისია განიხილავს არანაკლებ 2 კანდიდატურას.