„ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ მასშტაბურ ინვესტიციაზე, რომელიც აჭარის ოთხსეზონიან კურორტად გადაქცევას უზრუნველყოფს. ვსაუბრობთ ისეთ მასშტაბურ პროექტზე, რომელიც იქნება ნამდვილი მარგალიტი მთელი შავი ზღვის აუზში. რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ სწორედ საქართველო დაიმკვიდრებს ადგილს როგორც ლიდერი ქვეყანა ტურიზმში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, „მწვანე ქალაქის“ მშენებლობის დროს 500 ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდება.
„მშენებლობის დროს, ისევე, როგორც შემდგომ, როდესაც დაიწყება ამ უნიკალური კურორტის ფუნქციონირება, ჩვენ საშუალება გვექნება, ამ მასშტაბური ინვესტიციიდან მცირე ბიზნესმაც ძალიან დიდი სარგებელი მიიღოს.
ამ ტერიტორიაზე, 180 ჰექტარზე, სამ წელიწადში იქნება გაშენებული მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი და ჩვენ ყველანი ვიამაყებთ ამით.
ნახევარი მილიარდი ლარი - ეს არის ის მასშტაბური ინვესტიცია, რომელიც აჭარას და საქართველოს გადააქცევს ტურისტულ ცენტრად“, – აღნიშნა ბახტაძემ.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მულტიფუნქციური „მწვანე ქალაქის“ მშენებლობაში 500 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციას კომპანია „გრინ რეზორთი“ განახორციელებს. აშენდება 250-ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზებითა და დასასვენებელი ინფრასტრუქტურით, რომელსაც საერთაშორისო ბრენდი მართავს. პროექტი გოლფის მოედნის, საფეხბურთო მოედნების, საჩოგბურთო კორტების, საცურაო აუზების, გასართობი და რეკრეაციული ზონების მოწყობას ითვალისწინებს.