მამუკა ბახტაძის თქმით, თეძამის წყალსაცავი ისტორიული პროექტია და მისი მიზანი ქართული სოფლის გაძლიერება იქნება.
„სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ძლიერი საირიგაციო სისტემების მშენებლობა. საქართველოში, ბოლო 50 წლის განმავლობაში, ახალი წყალსაცავები ფაქტობრივად არ აშენებულა. 2012 წელს საქართველოში საირიგაციო სისტემები განლაგებული იყო მხოლოდ 40 000 ჰექტარზე. ჩვენ შევძელით და ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ეს ციფრი გავზარდეთ 110 000 ჰექტრამდე. ხშირად ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას არ აქვს პერსპექტივა. მე მიჩნდება კითხვა: როგორ შეიძლება დარგს ჰქონდეს პერსპექტივა, როდესაც საირიგაციო სისტემებიც კი არ არსებობდა საქართველოში?“, – განაცხადა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, წყალსაცავიდან შესაძლებელი გახდება დღეს ფაქტობრივად გამოუყენებელი 7 ათასი ჰექტარი მიწის მორწყვა.
„ეს არის მართლაც უნიკალური პროექტი, რომელიც ახალ სიცოცხლეს შემოიტანს შიდა ქართლში და კონკრეტულად, კასპის რაიონში. საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეებს შორის პირველ ადგილზეა წყალი და წყალთან დაკავშირებული რესურსები. შესაბამისად, წყლის რესურსების გამოყენებას გადამწყვეტი როლი აქვს იმაში, თუ რამდენად წარმატებული იქნება ჩვენი ეროვნული ეკონომიკა“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, წყალსაცავის აშენებით იქმნება შესაძლებლობა, რომ სისტემურად და თანამიმდევრულად განხორციელდეს ინფრასტრუქტურული და აგრარული პროექტები, წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორია იქცეს ტურისტულ ზონად, განვითარდეს ტურიზმი.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წყალსაცავის პროექტი შედგენილია გარემოზე მინიმალური ზემოქმედებით. თეძამის წყალსაცავიდან სასმელი წყლით 5 სოფელი მომარაგდება, კაშხალზე კი ჰიდროელექტროსადგური მოეწყობა.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მიხედვით, რომელიც შპს „გამა კონსალტინგმა“ 2017 წელს მოამზადა, მდინარე თეძამზე მოეწყობა მელიორაციული დანიშნულების წყალსაცავი, რომელიც უზრუნველყოფს კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 2 558 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სარწყავი წყლით გარანტირებულ მომარაგებას. წყალსაცავის საპროექტო მოცულობა 12 მილიონი კუბური მეტრი იქნება.
ჰიდროკვანძის მოწყობა დაგეგმილია სოფლებს - ჩაჩუბეთსა და რკონს შორის შერჩეულ ტერიტორიაზე, ჩაჩუბეთიდან დაახლოებით 2.1 კილომეტრის დაცილებით. ანგარიშის მიხედვით, ჰიდროკვანძის მშენებლობისათვის შერჩეული ტერიტორია საცხოვრებელი ზონიდან მნიშვნელოვანი მანძილითაა დაცილებული და შესაბამისად, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუარესებით გამოწვეული ზემოქმედება არ იქნება მნიშვნელოვანი.
შპს „საქართველოს მელიორაციის“ დაკვეთით წყალსაცავის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი უკრაინულმა კომპანიამ ПАО „Укрводпроект“–მა მოამზადა.
თეძამის წყალსაცავის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და 47 თვეში დასრულდება.