weather cur horoscope tv
ნოემბერი 02, 2024

ენერგოდამოუკიდებლობა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია – მთავრობის ადმინისტრაცია

18:43 კვირა, 21 აპრილი 2019

„საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რაც უნდა განხორციელდეს გარემოზე ზემოქმედების ფაქტორებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაავრცელა.

„ამ ინტერესების გათვალისწინებით, დაიწყო შპს „ფერიმ“ ახმეტის მუნიციპალიტეტში, მცირე ჰესის „ხადორი 3“-ის მშენებლობა, რომლის დადგმული სიმძლავრე 5,4 მგვტ იქნება. დაგეგმილია მეორე მცირე ჰესის მშენებლობაც. ორივე ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 160 მლნ კვტსთ, ხოლო ჯამური ინვესტიცია 40 მლნ აშშ დოლარზე მეტია, რაც ადგილობრივ ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესი კონტრიბუცია იქნება. საუბარია მცირე, მწვანე ჰესის მშენებლობაზე, რომელიც არ ითვალისწინებს დაგუბებას, სათავე ნაგებობის მშენებლობას, არ ეხება კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს და მინიმალური გავლენა ექნება ეკოლოგიაზე“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციში.

მათივე განმარტებით, კომპანია „ფერმა“ აიღო სოციალური პასუხისმგებლობა, ხეობისა და ჰესის მიმდებარე დასახლებების სასარგებლოდ სოციალური პროექტები განახორციელოს.

„პანკისის ხეობის, მოსახლეობა მიიღებს განახლებულ საგზაო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. რაც ნიშნავს იმას, რომ პროექტის განხორციელების ფარგლებში შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ამასთან ადგილობრივი ბიუჯეტი რეგულარულად შეივსება გადასახადებით, რაც რეგიონის განვითარებასა და მისი მოსახლეობის კეთილდღეობას მოხმარდება, ასევე შეიქმნება სპეციალური ფონდი, რომლის პირდაპირ განკარგვა ადგილობრივი მოსახლეობის დაქვემდებარებაში იქნება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მთავრობის ადმინისტრაციის მტკიცებით, ჰესის პროექტზე ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა კომუნიკაცია მოსახლეობასთან, თუმცა, თუ კიდევ არსებობს ინფორმაციის ნაკლებობა, მზად არიან ყველა კითხვას პასუხი გასცენ.

„პროვოკაცია და ძალადობრივი ქმედებები, მათ შორის პოლიციის მიმართ, რომელსაც ადგილი ჰქონდა ხეობაში, კატეგორიულად მიუღებელია.

მოვუწოდებთ ყველას, არ აყვნენ პროვოკაციას და თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც ადგილზე სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს. ყოველგვარი სახის ძალადობასა და დესტრუქციულ ქმედებაზე ხელისუფლებას ექნება ადეკვატური, კანონით დადგენილი რეაგირება“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

პანკისის ხეობაში დღეს „ხადორი 3“ ჰესის სამშენებლო სამუშაოების განახლება სცადეს, რისთვისაც, ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციასა და სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებს გაუკეთა მობილიზაცია. სამართალდამცავებსა და ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე ადგილობრივებს შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა. შსს-ს განცხადებით, არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებისას 27 ადამიანი დაშავდა, მათგან 15 შსს-ს თანამშრომელია, 12 კი ადგილობრივი მკვიდრი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]