აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კომპანიის გაყიდვის მიზნით აუქციონი 2017 წლის 3 ივლისს გამოაცხადა და იგი 11 ივლისს, 16.00 საათზე დასრულდება.
აუქციონის პირობების მიხედვით, კომპანიის ქონების შემძენი (შემძენები) სურვილისამებრ შესაძლოა დარეგისტრირდეს ამ საწარმოს ერთადერთ პარტნიორად. საკუთრების უფლების გადასვლის შედეგად საწარმო ახალ შემძენზე დაუტვირთავი და ვალებისაგან თავისუფალი გადავა.
ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ 2009 წლის იანვრიდან 2011 წლის აგვისტომდე ლიტვური კომპანია „ახემა ჯგუფი“ ფლობდა, რომელსაც კომპანია იმ მიზეზით ჩამოართვეს, რომ საინვესტიციო პირობების შესრულება ვერ შეძლო და ვალების დაგროვება დაიწყო.
კომპანიის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა“ და შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მიმართეს. ოფიციალური ინფორმაციით, ენერგოსადისტრიბუციო კომპანიას 4 417 544 ლარი დავალიანება ჰქონდა. 2011 წლის ოქტომბერში, სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით მომრიგებელმა საბჭომ კომპანიის გაკოტრების გადაწყვეტილება მიიღო.
იმ მიზეზით, რომ კომპანია გაკოტრების რეჟიმშია, მომხმარებელთა უფლებების დარღვევის სხვადასხვა ფაქტებზე არც მარეგულირებელი კომისია და არც ენერგოომბუდსმენის აპარატი ადეკვატურ რეაგირებას არ ახდენენ. სტიქიური პროცესების გარეშეც ხშირია შემთხვევები, როცა მოსახლეობას შუქი არ აქვს. გაუმართავი ქსელის და ცვალებადი ძაბვის გამო ხშირია ელექტროტექნიკის გადაწვის ფაქტებიც.
„კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ ელექტროენერგიის მიწოდებას მთელი კახეთის მასშტაბით ახორციელებს.