weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

„კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ აუქციონზე 28 მილიონ ლარად იყიდება

12:47 შაბათი, 08 ივლისი 2017

სააქციო საზოგადოება „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“, რომელიც 2011 წლიდან გაკოტრების რეჟიმში ფუნქციონირებს, აუქციონზე იყიდება. ქონების გასხვისება ერთიანი კომპლექსის სახით მოხდება და მისი საწყისი სააუქციონო ღირებულება 27 825 090 ლარს შეადგენს, ბიჯის ოდენობა 545 590 ლარია.

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კომპანიის გაყიდვის მიზნით აუქციონი 2017 წლის 3 ივლისს გამოაცხადა და იგი 11 ივლისს, 16.00 საათზე დასრულდება.

აუქციონის პირობების მიხედვით, კომპანიის ქონების შემძენი (შემძენები) სურვილისამებრ შესაძლოა დარეგისტრირდეს ამ საწარმოს ერთადერთ პარტნიორად. საკუთრების უფლების გადასვლის შედეგად საწარმო ახალ შემძენზე დაუტვირთავი და ვალებისაგან თავისუფალი გადავა.

ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ 2009 წლის იანვრიდან 2011 წლის აგვისტომდე ლიტვური კომპანია „ახემა ჯგუფი“ ფლობდა, რომელსაც კომპანია იმ მიზეზით ჩამოართვეს, რომ საინვესტიციო პირობების შესრულება ვერ შეძლო და ვალების დაგროვება დაიწყო.

კომპანიის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა“ და შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მიმართეს. ოფიციალური ინფორმაციით, ენერგოსადისტრიბუციო კომპანიას 4 417 544 ლარი დავალიანება ჰქონდა. 2011 წლის ოქტომბერში, სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით მომრიგებელმა საბჭომ კომპანიის გაკოტრების გადაწყვეტილება მიიღო.

იმ მიზეზით, რომ კომპანია გაკოტრების რეჟიმშია, მომხმარებელთა უფლებების დარღვევის სხვადასხვა ფაქტებზე არც მარეგულირებელი კომისია და არც ენერგოომბუდსმენის აპარატი ადეკვატურ რეაგირებას არ ახდენენ. სტიქიური პროცესების გარეშეც ხშირია შემთხვევები, როცა მოსახლეობას შუქი არ აქვს. გაუმართავი ქსელის და ცვალებადი ძაბვის გამო ხშირია ელექტროტექნიკის გადაწვის ფაქტებიც.

„კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ ელექტროენერგიის მიწოდებას მთელი კახეთის მასშტაბით ახორციელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]