„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გვიჭირს, ეს არის სახელმწიფო სტრუქტურებში გადაწყვეტილებების დაბალი ხარისხი და დაუკმაყოფილებელი სისწრაფე. როგორც ცენტრალურ, ისე თვითმმართველ სტრუქტურებში ძალიან სუსტია ანალიტიკური შესაძლებლობები. უმეტესი გადაწყვეტილებები, პრაქტიკულად, მოკლებულია ანალიტიკურ საფუძველს და მიიღება ემოციურ და ბოლომდე გაუაზრებელ საფუძველზე“, – განაცხადა ქობულიამ.
მისივე თქმით, ცენტრალურ და განსაკუთრებით, რეგიონულ მთავრობებში ადგილი აქვს გადაწყვეტილებების გაჭიანურებას და დაბლოკვას.
„ეს ეხება როგორც მიწების გადაცემას, ნებართვების გადაცემას... იყო რეგლამენტი, რომ 20 დღეში უნდა გაცემულიყო განსაზღვრული დოკუმენტი ინვესტორისთვის. ეს რეგლამენტი ნიშნავს, რომ 20 დღეში თუ არ გაიცა ეს დოკუმენტი, ოფიციალურად გაცემულად ითვლება. რატომღაც ეს რეგლამენტი გააუქმეს. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ის დოკუმენტები, რომელიც უნდა იყოს გაცემული 20 დღეში, გაიცემა 8 თვეში, 10 თვეში, 12 თვეში. ეს საკითხი არის მოსაგვარებელი და ასეთი რეგლამენტირება ძალიან დაგვეხმარება, რომ დისციპლინა დავამყაროთ ცენტრალურ და რეგიონულ მთავრობაში“, – განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.
გიორგი ქობულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობიდან 18 აპრილს გაათავისუფლეს. ის მინისტრი 9 თვე იყო.