weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

გურჯაანში მევენახეთა პირველი კონფერენცია გაიმართა

10:45 სამშაბათი, 21 მაისი 2019

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მევენახეთა პირველი კონფერენცია გაიმართა. პროექტი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ინიციატივითა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით განხორციელდა. ღონისძიების მხარდამჭერები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქპატენტი და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო იყვნენ.

კონფერენციის მთავარი თემა – „მევენახეთა სექტორში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები“ იყო, რომელზეც სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, საქპატენტის, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

ძირითადი განსახილველი საკითხები იყო:

  • ვაზის ჯიშები და ვაზის სანერგე სექტორი;
  • ადგილწარმოშობის დასახელებები და გეოგრაფიული აღნიშვნები;
  • ვენახების კადასტრი;
  • საოჯახო ტიპის მარნები და მათი განვითარება;
  • ახალი თაობის პესტიციდები და სასუქები მევენახეობაში;
  • მშრალი საფუარები და მეღვინეობის სხვა პროდუქტები;
  • ტრაქტორები და მევენახეობის მექანიზაცია;
  • აგროდაზღვევა;
  • ჯანსაღი, უვირუსო ყურძნის წარმოება;

მევენახეთა პირველი კონფერენცია, პროექტის ინიციატორმა, გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა გახსნა.

„მოხარული ვარ, რომ დღეს მასპინძლის როლში მიწევს თქვენთან შეხვედრა. მეღვინეობა-მევენახეობის მუნიციპალიტეტში, პირველად ვმართავთ მევენახეთა კონფერენციას და ვიმედოვნებ, რომ ეს ტრადიციად აუცილებლად გადაიქცევა.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გაიზარდოს ინფორმირებულობა ისეთ საკითხებზე, რაც შემდგომში განაპირობებს თითოეული მევენახისა და მეღვინის წარმატებას. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მსგავსი პროექტების ინიცირებისა და განხორციელების მხარდამჭერები.

დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და საქპატენტს, მუდმივი მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

კონფერენციას, გურჯაანის მუნიციპალიტეტის უხუცესი მევენახე და აგრონომი, 94 წლის შოთა ბერიკელაშვილი და უხუცესი მეღვინე - 80 წლის შოთა ფოცხვერაშვილი ესწრებოდნენ, რომლებსაც დავით სონღულაშვილმა, „მევენახეთა კონფერენცია 2019“-ის ფარგლებში, ღვაწლმოსილი მევენახისა და მეღვინის ტიტული გადასცა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა.

„ნიშანდობლივია, რომ ასეთი ღონისძიება შუაგულ კახეთში - გურჯაანში ტარდება. მევენახეთა კონფერენცია ეხება ისეთ თემას, რომელიც მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანისთვის, თითოეული გლეხისთვის, ფერმერისთვის და ყველა აქ დამსწრე ადამიანისთვის. მევენახეობა არის როგორც დარგი, მაგრამ ასევე არის როგორც მეცნიერება. სწორედ, დღეს გვეძლევა საშუალება, რომ ის განვიხილოთ როგორც ერთ, ასევე მეორე ჭრილში. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ საქართველოს ყველაზე დიდი საექსპორტო პოტენციალი სწორედ მევენახეობაში აქვს და ჩვენ ამ მიმართულებით განსაკუთრებით ვმუშაობთ“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

მევენახეთა კონფერენციის ფარგლებში, პანელის დაწყებამდე, მევენახეებს სიტყვით მიმართეს პარლამენტის წევრმა გელა სამხარაულმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ეს მართლაც ბრწყინვალე ინიციატივაა და თითოეული ჩვენგანი გახარებული ვართ, რომ დღეს ერთად ვართ შეკრებილი. ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ღვინო, ვენახი, არის ის საყრდენი და ღერძი, რომელზეც არამარტო ჩვენი რეგიონის, არამედ მთელი საქართველოს ეკონომიკა დგას. მეღვინეობა-მევენახეობა დღეს ისე ვითარდება, როგორც მდგრადი ეკონომიკური მიმართულება. ჩვენი რეგიონისათვის მზარდი ტურიზმი არის მევენახის და მეღვინის შრომაზე პირდაპირპროპორციულად მიბმული. მეღვინეობის და მევენახეობის ხარისხი მუდმივად უნდა იზრდებოდეს, რისთვისაც მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და მევენახეს შორის დიალოგის არსებობა. ახალი ცოდნის შეძენა ყოველთვის საჭიროა და ეს პლათფორმა სწორედ ამისთვის არის კარგი. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ დავითს და ყველა ორგანიზატორს დღევანდელი დღისთვის“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„მევენახეთა კონფერენცია 2019“-ს დაესწრნენ მევენახეები მთელი კახეთიდან, ასევე, აგრარული მიმართულების სტუდენტები, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

კონფერენციის დასასრულს, რომლის მასპინძელი-პარტნიორიც სოფელ კაჭრეთში მდებარე სასტუმრო „ამბასადორი“ იყო, გაიმართა ღვინის დეგუსტაცია, ხოლო თითოეულ მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.

მევენახეთა კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფის განცხადებით, კონფერენცია აუცილებლად მიიღებს ტრადიციულ სახეს და ის ყოველწლიურად ჩატარდება.

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]