საწარმო 16 ათას კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და ავტომატური რობოტიზებული კონვეირების მეშვეობით 500 მეგავატის მოცულობის წლიურ წარმადობას უზრუნველყოფს. პრემიერ-მინისტრის თქმით, მზის პანელებით მოამარაგებს ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებს, როგორიცაა ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და ახლო აღმოსავლეთი.
„ამასთან ერთად, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები, რომელიც დაგვეხმარება, რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენი პერსონალისთვის უფრო მეტი საგანმანათლებლო მოდულების დაარსება აქ, ქუთაისში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, რამდენიმე კვირაში ქუთაისში, პირველი ელექტრომობილების ქარხანის მშენებლობაც დაიწყება. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა მაღალტექნოლოგიურ წარმოებაზე იყოს ფოკუსირებული.
„საქართველოს აქვს პოტენციალი, მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდროს ადგილი, როგორც მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ“, – აღნიშნა ბახტაძემ.