9-კილომეტრიანი გვირაბი ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის, სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება.
„გვირაბი 15 მეტრის სიგანის იქნება, რაც საკმაოდ იშვიათია, არამარტო ამიერკავკასიაში არამედ მსოფლიო მასშტაბით და უდიდესი დიამეტრის მქონე გვირაბების ჩამონათვალში შევა“, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.
ქვეშეთი-კობის საერთაშორისო გზა, სატრანზიტო მნიშვნელობის ჩრდილო-სამხრეთის დერეფანის შემადგენელი ნაწილია. საერთო ჯამში დაგეგმილია 22.7-კილომეტრიანი გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის, მათ შორის ერთი 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა.
„არსებული გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით. ზამთარში ზვავსაშიშროებისა და რთული მეტეოროლოგიური პიროებების გამო, საავტომობილო მოძრაობა ხშირად იკეტება, ფერხდება სატრანზიტო მიმოსვლა.
ახალი გზა და 9-კილომეტრიანი გვირაბი მოაგვარებს არსებულ პრობლემებს. სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი.
ახალი გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, არსებული 35-კილომეტრიანი გზის ნაცვლად ქვეშეთიდან კობამდე გადაადგილების მანძილი 12 კილომეტრით შემცირდება“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
ქვეშეთი-კობის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს.
გზის მშენებლობა დაყოფილია ორ ლოტად. რაც შეეხება ქვეშეთი-კობის მეორე ლოტს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 12.7-კილომეტრიანი გიზს გზის სამშენებლო სამუშაოებისთვის ხელშეკრულება ახლო მომავალში გაფორმდება.