weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მსხვილი გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული პროექტები აჭარაში – TI-ს კვლევა

11:39 სამშაბათი, 28 მაისი 2019
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) ხელისუფლების მიერ აჭარაში, კერძოდ კი ბათუმში, ქობულეთსა და ქედაში სხვადასხვა დროს დაანონსებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ კვლევას აქვეყნებს. კვლევის თანახმად, ორი ობიექტის მშენებლობა 2012-2013 წლებში დაიწყო, თუმცა დაპირებების მიუხედავად, ექსპლუატაციაში არცერთია მიღებული.

„საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ“ ხუთი პროექტი შეისწავლა. ორგანიზაციის მიერ მომზადებულ კვლევას უცვლელად გთავაზობთ:

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო

2016 წლის 16 მარტს, ბათუმის მრავალფუნქციური რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. მშენებლობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებულ შპს „სტადიონს“ 2018 წლის 18 მაისს უნდა დაესრულებინა (შპს „სტადიონს“ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გარდა, ბათუმის სტადიონის მშენებლობაც დაევალა). თუმცა, დასრულების ვადამ 2018 წლის 31 აგვისტომდე, შემდეგ კი 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადაიწია. შპს „სტადიონის“ დირექტორის, ზურაბ ჭურკვეიძის განცხადებით, შეფერხების ერთ-ერთი მიზეზი პროექტში არსებული უზუსტობები გახდა, რის გამოც კომპანიამ დასკვნის მოსამზადებლად ექსპერტი დაიქირავა.

საავადმყოფოს მშენებლობა აჭარის მთავრობას 25 მილიონ ლარზე მეტი უჯდება. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის თქმით, უახლოეს დღეებში დაიწყება პროექტის მიღება-ჩაბარების პროცედურები, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია, დაზუსტებით რა თანხა დასჭირდება საავადმყოფოს ტექნიკურ აღჭურვას. ამ ეტაპზე საუბარია დაახლობით 35 მილიონ ლარზე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის ბიუჯეტში ამისთვის თანხა გამოყოფილი არ არის, არც საქართველოს მთავრობას სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2019 წლის პროგრამაშია ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის აღჭურვისთვის თანხა გათვალისწინებული. ეს პროგრამა მთავრობამ 2019 წლის 28 იანვარს დაამტკიცა, ცვლილებები კი 14 მაისს იქნა შეტანილი. ამ სახელმწიფო პროგრამისთვის, რომელიც სხვადასხვა კლინიკის აღჭურვასა და რეაბილიტაციას ითვალისწინებს, 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

2017 წელს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე აცხადებდა, რომ საავადმყოფოს მართვის უფლება შეიძლება საერთაშორისო კომპანიისთვის გადაეცათ. მოგვიანებით, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ თქვა, რომ განიხილება საავადმყოფოს უშუალოდ სახელმწიფო მართვის მოდელი - მინისტრის განცხადებით, ბათუმის და თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოები, საჩხერის სამედიცინო ცენტრი და ზუგდიდის რუხის კლინიკა ერთიან სახელმწიფო კონცეფციაში მოიაზრება, რომლის მიზანი სახელმწიფო ეტალონური კლინიკების ამუშავებაა.

საფეხბურთო სტადიონი ბათუმში

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის შესახებ განცხადება 2012 წელს საქართველოს იმდროინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა, ამავე წელს აჭარის მთავრობამ ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი მიიღო პროექტის დასაწყებად. საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, სტადიონის მშენებლობის პროექტი შეჩერდა. განახლების საკითხი დღის წესრიგში 2015 წლიდან დადგა - აჭარის მთავრობამ სტადიონს ადგილმდებარეობა შეუცვალა და ბიუჯეტიც გაზარდა: მაშინ მთავრობაში განაცხადეს, რომ პროექტზე 157 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯებოდა.

2018 წლის იანვრიდან სტადიონის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ანაგმა“ დაიწყო, მშენებლობის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 117 მილიონი ლარი გამოიყო.

მიუხედავად ასეთი დანახარჯებისა, აჭარის მთავრობის ოფიციალური განმარტებით, სტადიონი, ინფრასტრუქტურული მახასიათებლების საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო, ვერ უმასპინძლებს ისეთ საერთაშორისო საფეხბურთო ფინალურ მატჩებს, როგორიცაა უეფას ლიგების და ევროპის ჩემპიონატის ფინალური თამაშები.

თავდაპირველად სტადიონის მშენებლობის დასრულების ვადად 2020 წლის სექტემბერი განისაზღვრა, თუმცა, ბოლო მონაცემებით, ეს ვადა 2020 წლის 15 ოქტომბრამდე გადაიდო. „ანაგმა“ გაიმარჯვა სტადიონის მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაობის განსახორციელებლად გამოცხადებულ ტენდერშიც - მეორე ეტაპზე 22 მილიონამდე ლარი გამოიყო სტადიონის გარე ინფრასტრუქტურის, პარკინგის, გამწვანების, ელექტროენერგიის, უსაფრთხოების სისტემებისა და IT ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.

ქობულეთის სასპორტო კომპლექსი

2012 წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალი პროექტის - ქობულეთის სასპორტო კომპლექსის მშენებლობის შესახებ განაცხადეს. სპორტკომპლექსის მშენებლობისთვის 3 მილიონ 55 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2012 წელს გამოიყო, როდესაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები წარმოადგენდნენ.

ტენდერში კომპანია „ქეთურინამ“ გაიმარჯვა. მასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სამშენებლო სამუშაოები 2013 წლის 16 აგვისტოს დაიწყო. მშენებლობა 18 თვეში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, დღეს მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ პროექტი ხარვეზიანი იყო: არ იყო გათვალისწინებული სავენტილაციო და სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მოწყობა, ასევე, კომპანიამ სახურავისა და საძირკვლის გაკეთება ხარვეზებით დაიწყო.

2014 წელს, სამუშაოების დაწყებიდან რამდენიმე თვეში, მშენებელმა კომპანიამ კონტრაქტის გაწყვეტა თავად მოითხოვა, რადგანაც განსაზღვრულ ფასად „ქეთურინამ“ მშენებლობის დასრულება ვერ შეძლო. კომპანია „ქეთურინას“ წარმომადგენელი, როინ აბუსელიძე მშენებლობის შეჩერებას ქობულეთის გამგეობას აბრალებს. საბოლოოდ, ხელშეკრულება ქობულეთის გამგეობასა და შპს „გზა XXI-ს“ (ეს სახელი შპს „ქეთურინას“ რებრენდინგის შემდეგ ეწოდა) შორის 2015 წლის 15 აპრილს შეწყდა.

შეჩერებული მშენებლობის გასაგრძელებლად ქობულეთის მუნიციპალიტეტმა 2016 წლის 6 მაისს სასპორტო კომპლექსის შესწორებული პროექტი ექსპერტიზის ბიუროში გადაგზავნა, საიდანაც დადებითი დასკვნა მიიღო.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ქობულეთის მერის მოადგილემ, დავით ვერულიძემ განუცხადა, რომ პროექტი მხოლოდ მას შემდეგ გაგრძელდება, რაც ექსპერტების მოსაზრებების გათვალისწინებით გადაწყდება, მშენებლობა გაგრძელდეს კომპანია „გზა XXI-ის“ (ყოფილი შპს „ქეთურინა“) მიერ აშენებულ საძირკველზე თუ უნდა გამოინახოს ახალი ტერიტორია. მუნიციპალიტეტში აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის ვადას ვერ ასახელებენ, შესაბამისად, გაურკვეველია, როდის ექნება ქობულეთს ახალი კომპლექსი.საზაფხულო თეატრი მახუნცეთში

ქედის მერიამ 2017 წლის 7 აპრილს ტურისტულად მიმზიდველ სოფელ მახუნცეთში საზაფხულო თეატრის ასაშენებლად 185 ათასი ლარის ხელშეკრულება შპს „ახალშენს“ გაუფორმა. თეატრი მზად უნდა ყოფილიყო 2017 წლის შემოდგომაზე, მაგრამ პროექტში შეტანილი ცვლილებებისა და სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის მიმართვების გამო, ხელშეკრულებაში ცვლილებები 5-ჯერ შევიდა და მშენებლობის დასრულების ვადად 2018 წლის 30 მარტი განისაზღვრა. პროექტი ვერც ამ ვადაში დასრულდა.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ქედის მერმა, ლევან გორგილაძემ განუცხადა, პროექტი მხოლოდ მას შემდეგ დასრულდება, რაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მახუნცეთის განაშენიანების გეგმაზე დაასრულებს მუშაობას. მისივე ინფორმაციით, თეატრი და მიმდებარე ტერიტორია ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის თანხებით კეთილმოეწყობა. რაც შეეხება ტენდერში გამარჯვებულ „ახალშენს“, მერის მოადგილის, როლანდ ბერიძის თქმით, კომპანია შეუსრულებელი პირობების გამო დაჯარიმდა. ქედის მერიაში არ იციან, რამდენი დაუჯდება ადგილობრივ და ავტონომიურ ბიუჯეტს თეატრის დასრულება, რაზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 185 ათასი ლარი უკვე დაიხარჯა.

ქობულეთის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის ახალი შენობა

2017 წლის 18 ოქტომბერს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აჭარის მთავრობის ინიციატივით, საძირკველი ჩაეყარა ქობულეთის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის მშენებლობას. კომპანია „ვექტორს“ მშენებლობა, რომლისთვისაც საერთო ჯამში 1 600 000 ლარი გამოყო აჭარის მთავრობამ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, 2018 წლის ივნისში უნდა დაესრულებინა. თუმცა, სამუშაოების დასრულების სავარაუდო თარიღმა 2018 წლის დეკემბერში გადაიწია. მთლიანობაში ხელშეკრულებაში ცვლილებები 7-ჯე შევიდა. საბოლოოდ, სამუშაოების შესრულების მიღება-ჩაბარების აქტს კომპანიასა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ხელი 2018 წლის 30 ნოემბერს მოეწერა, თუმცა ინსტიტუტის ახალი შენობა ამ დრომდე არ გახსნილა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]