ბახტაძის თქმით, კახეთის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი იყო 2018 წელი, რადგან ამ წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული რთველი ჩატარდა.
„ეს ნიშნავს იმას, რომ ბოლო წლებში გადადგმულმა ნაბიჯებმა კონკრეტული შედეგი მოგვცა, თუმცა ჩვენ შორს ვართ სასურველი ნიშნულიდან. ჩვენი შეფასებით, მხოლოდ კახეთის რეგიონი რომ ავიღოთ, ეკონომიკური პოტენციალის 25 პროცენტია მხოლოდ გამოყენებული. ეს ნიშნავს, რომ ამ ულამაზეს კუთხეში გვაქვს ეკონომიკის განვითარების ძალიან დიდი რესურსი და რაც მთავარია - ინკლუზიური განვითარების რესურსი“,– განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, კახეთში მეღვინეობა ძალიან აქტიურად ვითარდება, თუმცა, ფიქრობს, რომ განვითარების უფრო მნიშვნელოვანი რესურსი არსებობს.
„განსაკუთრებით მიხარია, რომ ხდება ბაზრების დივერსიფიკაცია. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ეკონომიკა არ იყოს დამოკიდებული რომელიმე ერთ მსხვილ ბაზარზე.
კარგია, რომ დივერსიფიკაციის პოლიტიკა აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ამ ნაწილში ბევრი გვაქვს გასაკეთებელი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს კონკრეტული დავალება მიცემული ამ საკითხთან დაკავშრებით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, კახეთის რეგიონს აქვს დიდი პოტენციალი სხვადასხვა მცენარეული კულტურების განვითარების მიმართულებით.
„მნიშვნელოვანია, რომ კახეთში ბოლო წლების განმავლობაში კაკლოვანი კულტურების პოპულარიზაცია მოხდა. კაკლოვანი კულტურების განვითარება აქტუალურია როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოსთვის. კახეთში ამ კუთხით მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა, რაც ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელია. ჩვენ გვაქვს ისეთი ტიპის კულტურები, რომელიც შეიძლება ვიღაცას ეგზოტიკად მოეჩვენოს, მაგრამ გარწმუნებთ, კახეთის რეგიონს აქვს უზარმაზარი პოტენციალი და ამის მაგალითია ზეთისხილის გაშენება, რომელიც ძალიან მზარდი პროდუქტია მსოფლიო ბაზარზე და საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ამ მიმართულებითაც დაიმკვიდროს ადგილი მსოფლიო ბაზარზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, კახეთი ხდება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული თვალსაზრისით და მნიშვნელოვანია, რომ ეს მიმართულება კიდევ უფრო გააქტიურდეს.