პირველი რეისით 14 ივნისს, ბათუმს Buta Airways-ის დირექტორი ნაზიმ სამედოვი ესტუმრა. დახვედრის საზეიმო ცერემონიალში ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში პარვიზ ისმაილზადა მონაწილეობდნენ.
„აღნიშნული ავიარეისი მნიშვნელოვანი და მოსახერხებელია, ვინაიდან მრავალსაათიანი მოგზაურობის ნაცვლად, აზერბაიჯანელ ვიზიტორებსა და ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, მაქსიმუმ საათნახევარში განახორციელონ მგზავრობა. აღნიშნული ავიარეისი ხელს შეუწყობს ჩვენს ქალაქებს შორის, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებისა და ტურიზმის განვითარებას. ბათუმში ტურისტული სეზონი იხსნება, რაც წლევანდელი ტურისტული სეზონის შესანიშნავი საჩუქარი და დასაწყისია“, – განაცხადა ლაშა კომახიძემ.
ბათუმი მეორე ქალაქია საქართველოში, სადაც Buta Airways-ი განახორციელებს ფრენებს. რეგულარული რეისები უკვე სრულდება თბილისის მიმართულებით.