„მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისში ავიაპარკი სამი ერთეული საჰაერო ხომალდით განვაახლეთ, ამასთან მკვეთრად გავზარდეთ ფრენის არეალი და დავამატეთ ახალი ავიარეისები ევროპისა და აზიის ქვეყნების მიმართულებით. აქტიურად ვახორციელებთ ჩვენი მომხმარებლებისთვის სხვადასხვა მიმართულებაზე სპეციალური ფასების შეთავაზებას.
ყოველივე ზემოაღნიშნული აქტივობა უარყოფითად აისახა ჩვენი არაკეთილმოსურნეების განწყობაზე და გადაწყვიტეს კონკურენტის ჩამოცილება ნებისმიერ ფასად, რისი პირველი ნიშანიც იყო რუსეთის ფედერაციის საავიაციო ხელისუფლების მხრიდან „საქართველოს ავიახაზებსთვის“ ყაზანის მიმართულებით ფრენებზე უარის თქმა.
ახლახანს კი რუსულმა საავიაციო უწყებამ მოულოდნელად გამოაგზავნა შეტყობინება, რომ საქართველოს ავიახაზებს უუქმებს კვირაში 4 რეისს თბილისი-მოსკოვის მიმართულებით.
სამწუხაროდ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელმაც ადეკვატური ზომები უნდა მიიღოს და დაიცვას ქართული ავიაკომპანიის ინტერესები, არ ახდენს რეაგირებას რუსული მხარის მიერ განხორცელებულ უკანონო, ცალმხრივ მოქმედებებზე, რაც როგორც მგზავრებს, ისე ქართულ ავიაკომპანიას უდიდეს პრობლემებს უქმნის“, - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, ქართული ავიაკომპანიისთვის ფრენების შეზღუდვა საპასუხო ქმედებაა. სააგენტო "რია ნოვოსტის" ცნობით, რუსული მხარე აცხადებს, რომ საქართველოს საავიაციო ხელისუფლება ვალდებულებას არ ასრულებს და ორი თვეა რუსულ ავიაკომპანია "ურალის ავიახაზებს" ზაფხულის განრიგით თბილისის მიმართულებით ოთხი რეისის შესრულების ნებას არ რთავს.
მოსკოვსა და თბილისს შორის რეგულარული ფრენები 2014 წლიდან ხორციელდება. საქართველოს მხრიდან ფრენებს "საქართველოს ავიახაზები" ასრულებს, ხოლო რუსეთის მხრიდან "აეროფლოტი" და "S7 ავიახაზები".
"საქართველოს ავიახაზების" განცხადებით, რუსული ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულად სამოცამდე რეისს ასრულებენ, ქართული ავიაკომპანია კი რუსეთის მიმართულებით მხოლოდ ოცამდე რეისს ასრულებს.