ბახტაძის თქმით, ანაკლიის პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და საქართველო ღრმაწყლოვანი პორტის გარეშე ვერ შეძლებს თავისი ტრანზიტული პოტენციალის სრულად რეალიზაციას.
„სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდი იყო ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის ინიციატორი. მე თვითონაც აქტიურად ვიყავი ჩართული ამ პროექტში წლების განმავლობაში. ღრმაწყლოვანი პორტის გარეშე საქართველო ვერ შეძლებს თავისი ტრანზიტული პოტენციალის სრულად რეალიზაციას, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა. ანაკლიის პროექტის რეალიზაცია აუცილებლად უნდა მოხდეს და ეს აუცილებლად მოხდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მან ყველას მოუწოდა „თიბისი ბანკის“ საქმე და ანაკლიის პორტის საკითხი ერთმანეთს არ დაუკავშირონ.
„მეგობრებო, ნუ ცდილობთ, ეს თემები დაუკავშიროთ ერთმანეთს. სწორედ ის ადამიანები, რომლებიც არ არიან დაინტერესებულები, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელდეს, მათ ინტერესშია, რომ ამ ყველა თემის დაკავშირება მოხდეს ანაკლიის პროექტთან. ჩვენ ამ პროექტის მისამართით გვაქვს სრული მხარდაჭერა გამოცხადებული. ჩვენ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით, იქნებოდა ეს ფინანსური ვალდებულებების აღება, ინვესტიციების განხორციელება იმ ინფრასტრუქტურაში, რომელიც აუცილებელია, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდეს, იქნება ეს მოლაპარაკებები სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან თუ ა.შ.“, – აღნიშნა ბახტაძემ.
24 ივლისს „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურამ ბრალად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია წარუდგინა. ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესაჩერებლად მოხდა.
„თიბისი ჰოლდინგი“, რომლის ჯგუფის შემადგენლობაშიც „თიბისი ბანკი“ შედის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი, ძირითადი პატნიორი და პროექტების დეველოპერია.