weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

არ ვარ დარწმუნებული, რომ ანაკლიის პორტი პოლიტიკურად გვჭირდება – გიორგი ქობულია

12:02 შაბათი, 27 ივლისი 2019

„მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ანაკლიის პორტი პოლიტიკურად გვჭირდება. თუ ვამბობთ, რომ გვჭირდება, მაშინ უნდა ვთქვათ, რაში გვჭირდება. აქ ლაპარაკი მიდის მხოლოდ ზერელედ იმაზე, რომ ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, მაგრამ რას ნიშნავს სტრატეგიული მნიშვნელობა, უნდა ითქვას. მე ვერ გაგცემთ ამაზე პასუხს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ.

ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ქობალიამ აღნიშნა, რომ მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, მას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით ეჭვი გაუჩნდა.

„მე ვხედავ, რომ ანაკლიის პორტზე ტვირთებმა რომ გაიაროს (აზიიდან მომავალი ტვირთია, ან ევროპიდან აზიაში), ორი ზღვა უნდა გადაცურონ და ექვსჯერ უნდა მოხდეს გადატვირთვა რკინიგზაზე. ეს ქმნის საკმაოდ დიდ ხარჯებს. ვთქვი - ალბათ მე მეშლება რაღაც და მოვითხოვე ამ პროექტის კომერციული ანალიზი, რომელიც ვერც კონსორციუმმა მომცა და ვერ მთავრობაში ვიპოვე ვერსად. იმაზე როდესაც მიდის ლაპარაკი, რომ მთავრობას ბევრი კვლევები ჰქონდა გაკეთებული, იცით როგორი კვლევები იყო გაკეთებული? - მაგალითად, იაპონურ კომპანიას შეუკვეთეს სანაპირო ზოლის და ფსკერის გამოკვლევა საქართველოს შავი ზღვის ტერიტორიაზე, რომ განესაზღვრათ სად აჯობებს, რომ ღრმაწყლოვანი პორტი გაკეთდეს. ეს არ არის კომერციული ანალიზი“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ჟურნალისტის თქმით, რა უფრო მეტი საერთაშორისო პროექტი გაივლის საქართველოზე, უფრო მეტად იზრდება ქვეყნის უსაფრთხოება.

„ეს არის პროექტი, რომელმაც ჩინეთიდან წამოსული ტვირთები უნდა გაატაროს და დასავლეთში წაიღოს. რაც უფრო მეტი პროექტი გადის საქართველოზე, ეს პირდაპირ უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოებას. ხომ მეთანხმებით?“, – იკითხა ჟურნალისტმა, რაზეც გიორგი ქობულიამ განაცხადა:

„რა თქმა უნდა, ნაწილობრივ უკავშირდება, მაგრამ არის თუ არა ეს პროექტი ამ საკითხის გადაწყვეტა, ეს უნდა იყოს განხილული, იმიტომ, რომ არის სხვა ალტერნატივებიც და შესაძლოა იგივე მიზანს - არა მარტო ტვირთების გადაზიდვას საქართველოს გავლით - როგორც პოლიტიკური რისკების დაზღვევას, არამედ აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისთვის ტვირთების გადაზიდვას, შეიძლება მივიაღწიოთ სხვა უფრო იაფი გზებით.

ჩვენ, როგორც ქვეყნას, როგორც სახელმწიფოს და ხალხს რეალურად ასეთი ტიპის პროექტები ძალიან ძვირი გვიჯდება. რადგან ხალხი ამას ვერ ანგარიშობს და ვერ ხედავს, ამას ბოლომდე ვერ აღვიქვამთ.

აქ ბევრი სხვა გზა გვაქვს. მაგალითად, ფოთის პორტის გაფართოებაზეა ლაპარაკი. შესაძლოა ის უფრო იაფი დაგვიჯდეს, როგორც სახელმწიფოს და როგორც ქვეყანას, რატომ არ არის ამაზე ლაპარაკი?“ – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

ის ადასტურებს, რომ ფოთის პორტის საკითხის წამოწევით შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტს დამატებითი პრობლემა შეექმნას.

„მაგრამ თუ ჩვენ ვხედავთ, რომ ანაკლია არის პროექტი, რომელიც კომერციულად არ გამოდის და ჩვენ გვინდა მივაღწიოთ იგივე მიზანს სხვა მიმართულებით, ჩვენ შეიძლება ფოთის პორტს შევხედოთ, შეიძლება ანაკლიას შევხედოთ სხვა კუთხით. ანაკლიასაც აქვს უპირატესობა და ფოთის პორტსაც. პირველ რიგში, ფოთის პორტში საკმაოდ დიდი ინფრასტრუქტურაა რაც შეეხება გზებს, რკინიგზას და ა.შ. მეორე ის არის, რომ ფოთის პორტის გაფართოების პროექტი ჯდება უფრო იაფი და იქ არის კერძო ინვესტორი რომელიც მზად არის განახორციელოს, როდესაც აქ [ანაკლიის პორტში] როგორც სახელმწიფომ უნდა შევიტანთ ძალიან დიდი თანხები. როდესაც საუბარია ანაკლიაზე, არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროექტის რესტრუქტურიზაციისა და სიღრმისეული შესწავლის შედეგად, ისიც აღმოჩნეს საკმაოდ საინტერესო, მაგრამ დღესდღეისობით ეს შესწავლა არ ხდება. არის მხოლოდ ზედაპირული დისკუსია“, – განაცხადა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]