ბახტაძის თქმით, მაისის და ივნისის მაჩვენებლები ტურიზმიდან შემოსავლების კუთხით საქართველოს ისტორიაში საუკეთესო იყო და არსებობდა ეკონომიკაში ტურიზმის სექტორიდან მეტი შემოსავლის მობილიზების მოლოდინი, რაც ბოლო მოვლენების გამო ვერ მოხდა.
„ეკონომიკაში იყო მოლოდინი, რომ მეტი შემოსავლის მობილიზება მოხდებოდა ტურიზმის სექტორიდან. სამწუხაროდ, იმ მოვლენების გამო, რაც მოხდა, ეს ასე არ არის, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ არის ერთადერთი ფაქტორი. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ იმას, რომ ნებისმიერი ანალიზი გვიჩვენებს, რომ დღეს ფუნდამენტური ფაქტორები არის საკმაოდ ძლიერი, აქედან გამომდინარე, ლარი ზედმეტად გაუფასურებულია. ეს არის ექსპერტების დასკვნა. [....] ადგილი აქვს პრობლემას – შემოსავლები ტურიზმიდან დაეცა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმ სამოქმედო გეგმით, რომელიც წარდგენილია, იმ წინადადებებით, რომელიც მოვისმინეთ ბიზნესისგან, შევძლებთ, ეს პრობლემები გადავლახოთ“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9507 ლარია, ხოლო ევროს კურსი 3.2889 ლარს შეადგენს.