„როდესაც 20 ივნისის შემდეგ მიმდინარე მოვლენების ანალიზს გავაკეთებთ, დავინახავთ, რომ ლარის კურსმა სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო გაუარესება. სწორედ ამ პოლიტიკური პროცესების, იმ გადატრიალების მცდელობების, პოლიტიკური დესტაბილიზაციის... შემდგომში პირდაპირი ეთერიდან მეზობელი ქვეყნის პირველი პირის გინება, ამის შედეგად ტურიზმზე დაწესებული სანქციები, მილიონ ნახევარი ტურისტის პრაქტიკულად დაკარგვით. ამ ყველაფერით ვიღებთ იმ სურათს, რასაც ვიღებთ დღეს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, სახელმწიფოს ყველა ქმედება, იქნება ეს ეკონომიკური განვითარების, სოფლის მეურნეობის, თუ ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილში, მიმართულია იმისკენ, რომ „ჩვენი ბიზნესი და ჩვენი გლეხები, მეწარმეები გაძლიერდნენ“.
„ვუწყობთ ხელს ყველა პროგრამით იმისთვის, რომ შექმნან საწარმო შესაძლებლობები, გაყიდონ პროდუქცია, მოიზიდონ ტურისტები, ამით შემოიტანონ ჩვენს ეკონომიკაში უცხოური ვალუტა და ამით გავაძლიეროთ ლარი, ყველაფერი ეს ფუჭია მაშინ, როდესაც გარკვეული რადიკალური ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ პროცესს ხელი შეუშალონ და მუდმივ რეჟიმში ვიყოთ გადატრილების და რევოლუციების ჭრილში“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9718 ლარი შეადგინა, ევროს კურსი კი 3.3127 ლარია.