„ლარის კურსი მყარდება. ეს არის სტაბილური ტენდენცია, რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი ანალიზი იყო სწორი - ლარის კურსი ხელოვნურად იყო გაუფასურებული. ეკონომიკა იზრდება, საგადამხდელო ბალანსი უმჯობესდება. შესაბამისად, არანაირი ორგანული მიზეზი ეკონომიკაში არ არსებობს იმისა, რომ ლარი იყოს გრძელვადიან პერსპექტივაში გაუფასურებული“, – განაცხადა მინისტრმა.
ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება 20 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა.
„რეალურად, ლარის კურსის რყევები მოჰყვა 20 ივნისის მოვლენებს, დესტაბილიზაციის მცდელობას და პარლამენტზე შტურმს.
შემდეგ ეს აისახა ნეგატიურ საინფორმაციო ფონში, ძალიან ბევრი სპეკულაციური განცხადება გაკეთდა, რომელიც აღრმავებდა ნეგატიურ მოლოდინებს. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნეგატიურ მოლოდინებს შეუძლია, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ლარის კურსის რყევა გამოიწვიოს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8870 ლარი შეადგინა, ხოლო ევროს კურსი 3.2037 ლარია. ეროვნული ვალუტის ახალი კურსი ხვალიდან, 3 აგვისტოდან შევა ძალაში.