weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

12:52 ოთხშაბათი, 14 აგვისტო 2019

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება, რაც მეტ ტურისტს, ადგილობრივებისთვის მეტ შემოსავალს და სამუშაო ადგილს ნიშნავს. ეს განცხადება ბახტაძემ ბაკურიანში გააკეთა, სადაც ავსტრიულ-შვეიცარულ კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფთან“ ხელშეკრულება გაფორმდა.

საბაგიროები დიდველის ტერიტორიაზე, თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის უნდა აშენდეს. მამუკა ბახტაძის განმარტებით, პროექტი რამდენიმე თვეში დასრულდება.

„როგორც რიგითი ქართველი, ძალიან ამაყი ვარ, რომ საქართველო 2023 წელს უმასპინძლებს ფრისტაილში მსოფლიო ჩემპიონატს. ეს არის დიდი გამარჯვება და პასუხისმგებლობა. ამასთან, ეს ნიშნავს ძალიან დიდ ნდობას, რომელიც ჩვენ გამოგვიცხადა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ. ეს ნდობა აჩვენებს, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ, რომ საქართველოს აქვს სწორი, ეფექტური და მიზანმიმართული სტრატეგია ჩვენი ზამთრის კურორტების განვითარებისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, საბაგიროების მშენებლობაზე ხელშეკრულება, ამ ინდუსტრიაში მსოფლიოს წამყვან კომპანიასთან გაფორმდა.

„ესეც მნიშვნელოვანი გზავნილია ჩვენი მხრიდან, რადგან როცა ვსაუბრობთ საქართველოში კურორტების განვითარებაზე, აუცილებლად გვექნება უმაღლესი თამასა და მხოლოდ მსგავსი რანგის და ხარისხის კომპანიებთან ვითანამშრომლებთ. აღნიშნილი ინფრასტრუქტურის განვითარება ნიშნავს მეტ ტურისტს ბაკურიანში, ეს ნიშნავს მეტ შემოსავალს ადგილობრივი მოსახლეობისთვის და მეტ სამუშაო ადგილს“, – აღნიშნა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობისთვის მთის და ზამთრის კურორტები უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მისივე განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველო წარმატებული ზამთრის კურორტების მქონე ქვეყანა გახდეს, ინფრასტრუქტურის განვითარების გარდა, აუცილებელია ცნობადობის გაზრდა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მთავრობას აქვს ამბიციური ამოცანა, რომ საქართველომ 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]