weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ყურძენზე წელს შესაძლოა დაბალი მოთხოვნა იყოს

12:10 ხუთშაბათი, 15 აგვისტო 2019

ღვინის ეროვნული სააგენტო ვარაუდობს, რომ 2019 წლის რთველის განმავლობაში კერძო კომპანიების მხრიდან ყურძნის შეძენაზე დაბალი მოთხოვნა იქნება. როგორც სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ განაცხადა, ამის მიზეზი რუსეთის მიმართულებით ქართული ღვინის ექსპორტის შემცირებაა.

„წელს რთველის მიმდინარეობას შესაძლოა შეექმნას გარკვეული გამოწვევები, რადგან ბოლო პერიოდში მეღვინეობა-მევენახეობის დარგში არაერთი ნეგატიური მოლოდინი შეიქმნა, რამაც საბოლოოდ, კერძო სექტორის აქტივობაზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს. კერძოდ,

2019 წლის ივნისის ბოლოს განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შედეგად, რუსეთის მხრიდან ქართული ღვინის იმპორტზე მოსალოდნელი, შესაძლო სანქციების დაწესებამ გამოიწვია ქართული ღვინის ყველაზე დიდ საექსპორტო ბაზარზე - რუსეთის მიმართულებით ექსპორტის შემცირება
და გააჩინა მოლოდინი, რომ მიმდინარე წლის რთველის პროცესში ღვინის მწარმოებლების, კერძო კომპანიების მხრიდან ყურძნის შესყიდვის მოთხოვნა შესაძლოა იყოს ნაკლები“,
– განაცხადა ლევან მეხუზლამ.

სააგენტოს მონაცემების თანახმად, რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი მაისთან შედარებით ივლისში 27%-ით შემცირდა. როგორც ლევან მეხუზლამ განაცხადა, მაისის თვეში საქართველოდან რუსეთის მიმართულებით გადაიტვირთა 4 მილიონ 500 ათასი ბოთლი ღვინო, ივნისის თვეში – 4 მილიონ 200 ათასი ბოთლი, ხოლო ივლისის თვეში – 3 მილიონ 500 ათასი ბოთლი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შარშანდელი რთველი რეკორდული იყო და მხოლოდ კახეთში 230 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა, რითიც მევენახეებმა 300 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. წელს კახეთში 200-დან 250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.

„ეს ასევე ქმნის მოლოდინს, რომ თავისუფალ ბაზარზე ყურძენზე, განსაკუთრებით კი თეთრ ყურძენზე მოთხოვნა შედარებით დაბალი იქნება. აღნიშნულის მიუხედავად, ღვინის ეროვნული სააგენტო მაქსიმალურად მობილიზებულია, რომ მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პროცესში შესაძლო პრობლემებისა და გამოწვევების გადაჭრაში დაეხმაროს და 2019 წლის რთველი, მაქსიმალურად, შეფერხებების გარეშე ჩავატაროთ“, – განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.

კახეთში რთველის საკოორდინაციო შტაბი წელსაც თელავში იმუშავებს, მოსავლის აღება კი რამდენიმე დღეში დაიწყება. აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან მთავრობა რთველის სუბსიდირებას აღარ ახდენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]