weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქვეშეთი-კობის გზის 13 კილომეტრს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“ ააშენებს

12:48 ხუთშაბათი, 15 აგვისტო 2019

ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ ჩინურ კომპანიასთან – „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფთან“ (China Railway 23rd Bureau Group Co) გააფორმა.

13-კილომეტრიანი ახალი გზის მშენებლობის ხელშეკრულებას დღეს ხელი მოაწერეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრე თევდორაძემ და „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის“ საქართველოში მუდმივმოქმედი ფილიალის გენერალურმა მენეჯერმა, იანგ იუბინმა.

„ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ 2002 წელს დაფუძნდა და ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ზედამხედველობის ქვეშ არსებული უმსხვილესი საწარმოს „China Railway Construction Corporation Limited“-ის ფილიალია. როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, კომპანიას მონაწილეობა აქვს მიღებული 153 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაში და მთლიანობაში შესრულებული აქვს 1200 კილომეტრზე მეტი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტები.

მსოფლიო ბანკმა მიმდინარე წლის 5 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ჩინეთის რკინიგზის კონსტრუქციის კორპორაციას“ (CRCC) და მის შვილობილ ორ კომპანიას - „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს“ (CR23) და „ჩინეთის რკინიგზის კონსტრუქციის საერთაშორის კორპორაციას“ (CRCC International) საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტზე გამოვლენილი დარღვევების გამო, ცხრა თვით ტენდერებში მონაწილეობა შეუზღუდა. კომპანიამ მაგისტრალის მშენებლობის ტენდერში მცდარი ინფორმაცია წარადგინა, რითიც მსოფლიო ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები დაარღვია. მსოფლიო ბანკის განმარტებით, ეს ქმედება თაღლითობად იქნა შეფასებული. როგორც მაშინ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განმარტა, საუბარი იყო ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის საგზაო მონაკვეთთან დაკავშირებით 2017 წელს გამოცხადებულ ტენდერზე. მისივე თქმით, მსოფლიო ბანკის მიერ დაწესებული შეზღუდვა არ აისახება სამუშაოებზე, რომელსაც „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ საქართველოში აწარმოებს.

ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის პროექტის ფარგლებში ჯამში დაგეგმილია ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის 22.7 კილომეტრი გზის, ექვსი ხიდისა და ხუთი გვირაბის მშენებლობა, მათ შორის იქნება 9-კილომეტრი სიგრძისა და 15 მეტრი სიგანის გვირაბი. ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, სატრანზიტო მნიშვნელობის ჩრდილო-სამხრეთის დერეფანის ნაწილია. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]