ახალი პროექტი „თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის" მცირე და საოჯახო სასტუმროების მფლობელებს ქობულეთში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გააცნეს.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, იმ მეწარმეებს, რომლებსაც რუსეთის მიერ დაწესებული სანქციების და ტურისტების შემცირების გამო სესხის მომსახურებასთან დაკავშირებული ფინანსური სირთულეები შეექმნათ, სესხის საპროცენტო სარგებლის ნაწილი დაუფინანსდებათ.
ეროვნულ ვალუტაში აღებული სესხის საპროცენტო სარგებლის 80%-ს სახელმწიფო დაფარავს, ხოლო უცხოურ ვალუტაში აღებული სესხების შემთხვევაში -70%-ს.
თანადაფინანსების მექანიზმით სარგებლობა შეუძლიათ იმ მეწარმეებს, რომელთაც სასტუმროს მშენებლობის, გაფართოების, აღჭურვის, რემონტის მიზნით სესხი 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით აქვთ აღებული და მათი სასტუმრო 4-დან 20-მდე ნომერს მოიცავს.
თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში სესხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 300 000 ლარს ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში, 100 000 აშშ დოლარს - აშშ დოლარში გაცემული სესხის შემთხვევაში და 80 000 ევროს - ევროში გაცემული სესხის შემთხვევაში.
სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსების მექანიზმი 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.
მას შემდეგ რაც 20 ივნისს საქართველოს პარლამენტიდან რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი გააძევეს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა აუკრძალა, სანქცია ეხება კომერციულ ფრენებსაც.