„ენერგეტიკა ეს მძიმე, სენსიტიური თემაა, თუმცა ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ და ძირითადი პრინციპი იქნება ის, რომ ენერგოუსაფრთხოება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და შესაბამისად, თუნდაც დიდი ჰესების მშენებლობის ნაწილშიც. რა თქმა უნდა, პრიორიტეტი უნდა გავაკეთოთ მცირე ჰესებზე, თუმცა დიდი ჰესების ნაწილში უნდა ვიპოვოთ გამოსავალი, უნდა შევუთანხმდეთ ჩვენს მოქალაქეებს და უნდა ვიპოვოთ საერთო მიზანი და გეგმა - მისაღები როგორც გარემოს დამცველებისთვის, მოქალაქეებისთვის და პირველ რიგში, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში, სადაც მომავალი მთავრობის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
გახარიას თქმით, მთავრობამ სახელმწიფო რესურსების უკეთ ამოქმედებაზე უნდა იმუშაოს.
„დღეს სახელმწიფოს ბალანსზეა საკმაოდ დიდი რესურსები როგორც სასარგებლო წიაღისეულის ნაწილში, ასევე აქტივების ნაწილში. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მოხდეს ამ აქტივების პრივატიზება, რათა აქტიურად ჩაერთოს ეკონომიკურ ბრუნვაში“, – აღნიშნა გახარიამ.
საქართველოს პარლამენტი დღეს, 8 სექტემბერს, გიორგი გახარიას მიერ წარდგენილი მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.