weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მთავრობისთვის არანაირი დოკუმენტაციის ჩაბარებას აღარ ვაპირებთ – ანაკლიის კონსორციუმი

16:56 სამშაბათი, 15 ოქტომბერი 2019
ფოტოზე ლევან ახვლედიანი ფოტოზე ლევან ახვლედიანი

„დღეს არანაირი დოკუმენტაციის ჩაბარებას აღარ ვაპირებთ“, – ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა. მან მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტის წინააღმდეგ საბოტაჟის განხორციელებაში დაადანაშაულა. 

„იმის ნაცვლად, რომ მთავრობას მხარდაჭერა გამოეცხადებინა, პრაქტიკულად საბოტაჟირება მოახდინა ბოლო რამდენიმე თვის და კვირის მანძილზე. სამეთვალყურეო საბჭოსთან ერთად ურთულეს ვითარებაში, რაშიც მუშაობა გვიწევდა, შევძელით დიდი ძალისხმევის შედეგად, რომ მოგვეძიებინა ორი ახალი ინვესტორი, რომელიც დაინტერესდა ამ პროექტით. ერთი იყო ყაზახურ-ჰონგ კონგური ჯგუფი და ამერიკული ძალიან მსხვილი საინვესტიციო ჯგუფი. პირველ ინვესტორს, მთავრობამ გაცნობითი შეხვედრისას პირდაპირ დაუფიქსირა, რომ ისინი არ მიესალმებოდნენ მათ ინვესტიციას, რადგან არ იყვნენ დასავლელი, კერძოდ, ამერიკული კომპანია. ჩვენშიც და ამ ინვესტორშიც აღნიშნულმა შეშფოთება გამოიწვია.

ამავდროულად მოვიყვანეთ ამერიკული ფონდი, რომელიც დაინტერესდა ამ პროექტით და მოითხოვა წერილობითი განცხადება მთავრობისგან, რომ ისინი მიესალმებოდნენ მათ მონაწილეობას. ამ წერილზე, მთავრობა დაგვპირდა, რომ გააკეთებდა და გაუგზავნიდა ფონდს, მაგრამ წერილი ადრესატს არასდროს მიუვიდა. ყაზახურ ინვესტორს ეუბნებიან, რომ რადგან ამერიკელები არ ხართ, ვერ მივესალმებით თქვენ მონაწილეობას, რადგან გვჭირდება ამერიკული ინვესტორიო, მოვიყვანეთ ამერიკული ინვესტორი და მათ ელემენტარული მინიმუმიც კი არ გააკეთეს, რომ წერილი გაეგზავნათ, მოეწვიათ და დაეპატიჟებინათ პროექტში“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

ახვლედიანმა საბოტაჟად შეაფასა ანაკლიის პროექტის მთავარი სპონსორების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ დაწყებული სამართლებრივი დევნაც, ასევე ფოთის პორტის სასარგებლოდ გაცემული ნებართვა, რამაც, ლევან ახვლედიანის თქმით, კითხვები გააჩინა მთავრობის მხრიდან ანაკლიის პროექტის მხარდაჭერაზე.

„კულუარებში, პირადად, ფორმალურ თუ არაფორმალურ შეხვედრებში, მთავრობამ დაინტერესებულ პირებთან არაერთხელ დააფიქსირა, რომ თურმე ანაკლია არ არის კომერციულად გამართლებული და რენტაბელური.

საჯარო გამოსვლებში ხდებოდა აბსოლუტურად საპირისპირო. ურთულეს პირობებში, ამ წინააღმდეგობის მიუხედავად, ახალმა სამეთვალყურეო საბჭომ კიდევ ერთხელ შევძელით და მოვიძიეთ ინვესტორები, რომლებიც დღესაც კი მზად არიან ინვესტიცია განახორციელონ ამ პროექტში“, – განაცხადა ახვლედიანმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დღეს, 15 ოქტომბერს ეწურება ორი ვალდებულების შესრულების ვადა. მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, კონსორციუმმა მთავრობას უნდა წარუდგინოს პოტენციურ ინვესტორებთან 120 მლნ დოლარის ოდენობით კაპიტალის მოზიდვაზე ხელმოწერილი სავალდებულო ხელშეკრულებები და საერთაშორისო ბანკებთან ხელმოწერილი წინასწარი შეთანხმებები 400 მლნ დოლარის ოდენობით სესხების მოზიდვაზე იმ პირობებით, რომელიც საქართველოს მთავრობისთვის მისაღები იქნება.

„შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას აქვს უფლება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულება მოშალოს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ლევან ახვლედიანის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ამ გზას დაადგება, არც ერთი მაღალი რეპუტაციის მქონე ინვესტორი თუ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ამ პროექტს არ გაეკარება და ეს პროექტი ძალიან დიდი ხნით გაჩერდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]