გუბერნატორი არ ასახელებს კერძო ინვესტორს, რომელიც თუშეთამდე საბაგირო გზის მშენებლობითაა დაინტერესებული.
რამდენიმე თვის წინ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ კომპანიის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს იტალიაში იმ ორგანიზაციასთან, რომელიც პროექტს ტექნიკურად განახორციელებს.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა თუშეთის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით, შპს „სტუდია 21“-მა ერთი წლის წინ შეადგინა.
დოკუმენტი ალვანიდან თუშეთის სოფელ ომალომდე ვიწროლიანდიანი რკინიგზის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის ავტორი, არქიტექტორი გია აბულაძე „მთის ამბებთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებდა, რომ ომალომდე ვიწროლიანდიანი რკინიგზის მშენებლობის საპროექტო იდეას, თუშეთში მთელი წლის განმავლობაში გარანტირებული მიმოსვლისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.