საქმე ეხება კომპანიების წილების კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებას. კომისიამ ავტორიზებულ პირებს წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება უკვე მესამედ დაავალდებულა და ვადად 22 თებერვალი განუსაზღვრა. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები აღნიშნულ ვალდებულებას არ შეასრულებენ, შესაძლოა დღის წესრიგში კომპანიების ავტორიზაციის შეჩერების საკითხი დადგეს.
აღნიშნული ვალდებულების დარღვევის გამო, კომისიამ კომპანიები 12 დეკემბერს 30-30 ათასი ლარით დააჯარიმა და სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად ვადა განუსაზღვრა. „კავკასუს ონლაინი“ და „რკინიგზის ტელეკომი“ ვალდებული იყვნენ 18 იანვრამდე წილების გასხვისებამდე არსებული მდგომარეობა აღედგინათ და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომისიაში წარედგინათ. კომპანიების მხრიდან აღნიშნული ვალდებულება უკვე მესამედ არ შესრულდა.
„ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი, ან დენადი ხასიათის დარღვევის გამო, კომპანიებს ფულადი ჯარიმა ეკისრებათ.