weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები დროებით იკეტება

15:54 ორშაბათი, 16 მარტი 2020

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების სულ მცირე 2 კვირით დაკეტვის მიზეზად ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ჩეხი ტურისტისთვის კორონავირუსის დადასტურების ფაქტს ასახელებს, რომელიც გუდაურში იმყოფებოდა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება პრევენციული ღონისძიებები კიდევ უფრო მეტად გავამკაცროთ, რათა თავიდან იქნეს აცილებული ყველა ის გართულება, რომელიც მოსალოდნელია და დღემდე დაფიქსირდა სხვა ქვეყნებში. თუ რატომ სამთო კურორტები, ამის მიზეზი ალბათ თქვენთვის უკვე ცნობილია. ჩეხი მოქალაქე, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში, 8 მარტს, როგორც თვითონ სატელეფონო საუბრისას ყვება, გამოუვლინდა სიმპტომები, ის გაემგზავრა ჩეხეთში და მისი დიაგნოსტირება ჩეხეთში მოხდა. მას კონტაქტი ჰქონდა ჩვენს საელჩოსთან და იმ სასტუმროებთან, სადაც იმყოფებოდა და დაადასტურა, რომ აქვს კორონავირუსი. ეს გახდა ბიძგი, რომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და სამთო კურორტებზე ვაწესებთ შეზღუდვებს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩეხეთის მოქალაქეს, რომ არ დამალა და სრულიად აღწერა მარშრუტი, სადაც სიმპტომების გამოვლენის შემდეგ იმყოფებოდა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, ინფიცირებულ ტურისტებთან კონტაქტში მყოფი 30 პირი იზოლირებულია, მათგან სამს გამოხატული სიმპტომები აქვს.

„მინდა, გავაფრთხილო და დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები - თუ ისინი ამ პერიოდში იმყოფებოდნენ გუდაურში, ეს ჯერ არ ნიშნავს იმას, რომ მათ აუცილებლად შეიძლება ჰქონდეთ კორონავირუსი, ვინაიდან კორონავირუსი გადაეცემა ადამიანს, როდესაც მას აქვს 15 წუთზე მეტი ინტენსიური კონტაქტი და მათი დაშორება პიროვნებასთან არის 1 მეტრზე უფრო ნაკლები. თუ ეს შეზღუდვა დაცულია და ამ დროის მანძილზე არ მომხდარა ხანგრძლივობით კონტაქტი, მაშინ ეს ადამიანები რისკჯგუფში უკვე აღარ არიან.

30 პიროვნება არის იდენტიფიცირებული და კვლევა გრძელდება. ეს რიცხვი ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული. ამ 30-დან 3 ადამიანს აქვს გამოხატული სიმპტომები“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს მთავრობამ დღეს ახალი გადაწყვეტილებები მიიღო. 18 მარტიდან, ორი კვირით იკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის; დროებით იკეტება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები; კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს ეძლევათ რეკომენდაცია, დროებით შეიზღუდოს მოქალაქეების უშუალო მომსახურება და იმოქმედოს მხოლოდ ე.წ გატანის სერვისებმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]