„თუ კომპანიები, საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად, არ შეასრულებენ ვალდებულებებს, რომელსაც მათ დააკისრებს სახელმწიფო ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და კომპანიები იქნებიან ექსპროპირებული სახელმწიფოს ინტერესებში – დროებით, რა თქმა უნდა. ეს გადაეცით მაგ კომპანიის დირექტორს პირადად ჩემგან“, - განაცხადა გახარიამ.
„აირზენას“ გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ დღეს სხვადასხვა სატელევიზიო ეთერში თქვა, რომ ვენისა და ამსტერდამის რეისები, რომლებსაც ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეები უნდა ჩამოეყვანა, მთავრობის გადაწყვეტილებით გაუქმდა.
„მზად ვართ, ნებისმიერი მიმართულებით შევასრულოთ რეისები, თუ ამაზე იქნება საქართველოს მთავრობის მითითება. ამ რეგულარული რეისებიდან ნებართვა გვაქვს 23 მარტს ბერლინზე, არ გვაქვს ნებართვა დღეს ვენაზე, ხვალ არ გვაქვს ნებართვა ამსტერდამზე და ზეგ არ გვაქვს ნებართვა პარიზზე. ჩვენ რეგულარული რეისების შესასრულებლად ვიყავით მზად და ახლაც ვართ. შეგვიძლია ახლავე გავფრინდეთ და ჩამოვიყვანოთ“, – თქვა ბოკერიამ.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, 21 მარტიდან საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა სრულად შეწყდა. სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი საქართველოს ასეულობით მოქალაქე სამშობლოში დაბრუნებას ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს.
ეკონომიკის მინისტრმა ნათელა თურნავამ ჟურნალისტებთან საუბარში დღეს განაცხადა, რომ საკარანტინო სივრცეებზე მოთხოვნა გაორმაგდება და ამას მომზადება სჭირდება.
პრემიერმა გახარიამ გვიან ღამით მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ქვეყანაში დღეს საკარანტინო ოთახების დეფიციტი არ არსებობს და საკარანტინო ოთახებში სახელმწიფო საკმაოდ კარგ ფინანსურ გადასახადს უხდის სასტუმროების მეპატრონეებს.