weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პრემიერი „აირზენას“ დირექტორს კომპანიის დროებით ჩამორთმევის შესაძლებლობაზე აფრთხილებს

01:54 ორშაბათი, 23 მარტი 2020

„მე ვფიქრობ, „აირზენას“ დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან და სხვას არაფერს. ჩვენი ამოცანა არის მარტივი, მაქსიმალურად სწრაფად და ორგანიზებულად ჩვენი მოქალაქეები გამოვიყვანოთ ევროპის და საერთოდ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, არავის დაავიწყდეს, რომ არის საგანგებო მდგომარეობა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „აირზენას“ დირექტორის მიერ 22 მარტს გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ. „აირზენას“ დირექტორმა რომან ბოკერიამ თქვა, რომ მთავრობისგან ნებართვა ვერ მიიღეს და რეისები ამის გამო გაუქმდა.

„თუ კომპანიები, საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად, არ შეასრულებენ ვალდებულებებს, რომელსაც მათ დააკისრებს სახელმწიფო ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და კომპანიები იქნებიან ექსპროპირებული სახელმწიფოს ინტერესებში – დროებით, რა თქმა უნდა. ეს გადაეცით მაგ კომპანიის დირექტორს პირადად ჩემგან“, - განაცხადა გახარიამ.

„აირზენას“ გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ დღეს სხვადასხვა სატელევიზიო ეთერში თქვა, რომ ვენისა და ამსტერდამის რეისები, რომლებსაც ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეები უნდა ჩამოეყვანა, მთავრობის გადაწყვეტილებით გაუქმდა.

„მზად ვართ, ნებისმიერი მიმართულებით შევასრულოთ რეისები, თუ ამაზე იქნება საქართველოს მთავრობის მითითება. ამ რეგულარული რეისებიდან ნებართვა გვაქვს 23 მარტს ბერლინზე, არ გვაქვს ნებართვა დღეს ვენაზე, ხვალ არ გვაქვს ნებართვა ამსტერდამზე და ზეგ არ გვაქვს ნებართვა პარიზზე. ჩვენ რეგულარული რეისების შესასრულებლად ვიყავით მზად და ახლაც ვართ. შეგვიძლია ახლავე გავფრინდეთ და ჩამოვიყვანოთ“, – თქვა ბოკერიამ.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, 21 მარტიდან საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა სრულად შეწყდა. სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი საქართველოს ასეულობით მოქალაქე სამშობლოში დაბრუნებას ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს.

ეკონომიკის მინისტრმა ნათელა თურნავამ ჟურნალისტებთან საუბარში დღეს განაცხადა, რომ საკარანტინო სივრცეებზე მოთხოვნა გაორმაგდება და ამას მომზადება სჭირდება.

პრემიერმა გახარიამ გვიან ღამით მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ქვეყანაში დღეს საკარანტინო ოთახების დეფიციტი არ არსებობს და საკარანტინო ოთახებში სახელმწიფო საკმაოდ კარგ ფინანსურ გადასახადს უხდის სასტუმროების მეპატრონეებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]