weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მარნეულიდან და ბოლნისიდან გამოსული პროდუქცია საფრთხეს არ ქმნის - კალანდაძე

16:08 ოთხშაბათი, 25 მარტი 2020

„თბილისიდან საკარანტინო ზონაში, მარნეულსა და ბოლნისში შედის პროდუქცია და იქიდანაც სხვადასხვა პროდუქტები ჩვეულებრივად გამოდის. ეს არის ხილი და ბოსტნეული. ამ რეგიონში ბევრი საწარმოა - ხილბოსტნეულის წარმოება, რძის წარმოება, მეფრინველეობა, კვერცხის წარმოება, რომელიც გამოდის საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე. თუმცა, კონტროლზე არიან აყვანილი თვითონ პიროვნებები. როგორც მოგეხსენებათ, ეს დაავადება გადაეცემა ადამიანიდან ადამიანზე და არა სხვა ნივთებიდან და სურსათით. ამიტომ გაკონტროლებულია ადამიანები და მათი ნაკადის მოძრაობა“, - აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე.

მისივე თქმით, არსად მსოფლიოში სურსათით ვაჭრობა არ შეჩერებულა, იმ ქვეყნებშიც კი, რომლებმაც ვირუსის პიკი გადაიარეს და საიდანაც ეს დაავადება წამოვიდა. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ამ ვირუსის სურსათისმიერი გადაცემის არცერთი ფაქტი არ არის დაფიქსირებული. როგორც მძღოლები, ასევე დისტრიბუტორები უნდა იყვნენ ეკიპირებული, აღჭურვილი პირბადით, ხელთათმანით, სადეზინფექციო ხსნარით. მათ გადაადგილებას აკონტროლებს პატრული. ის, რომ ვირუსი მოხვდეს სურსათის ზედაპირს და იქედან ადამიანის ორგანიზმში აღმოჩნდეს, ეს არის თეორიული რისკი, რაც პრაქტიკაში დადასტურებული არ არის. ამიტომ, ჩვენ, ექიმები მოვუწოდებთ ყველას, რომ არამხოლოდ ამ შემთხვევაში, არამედ საერთოდ, უნდა დავიცვათ ჰიგიენის წესები“, - აღნიშნა კალანდაძემ „მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

იგი მომხმარებლებს ურჩევს, ხილი და ბოსტნეული საპნით გარეცხონ.

„ვიძლევი რეკომენდაციას, რომ სასურველია ხილ-ბოსტნეული, რომლის საშუალებაც არის, გაირეცხოს საპნით ჩვეულებრივ რეჟიმში, ყოველთვის და არამხოლოდ ახლა, რომ ბაქტერიები ჩამოვაშოროთ.

მაგალითად, კარტოფილი არა, მაგრამ ვაშლი კი. სასურველია ასევე, რომ პროდუქტმა გაიაროს თერმული დამუშავება. პროდუქტი, რომელსაც უმად მივირთმევთ, კარგად უნდა გავრეცხოთ, დავამუშავოთ და შევინახოთ. უმი ბოსტნეული - სტაფილო და ჭარხალი არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს, უნდა გავრეცხოთ, გავთალოთ და კვლავ გავრეცხოთ. ამ შემთხვევაში ის რისკს არ წარმოადგენს“, - განაცხადა თენგიზ კალანდაძემ.

შეგახსენებთ, 23 მარტიდან მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზეა გადასული. ორივე მუნიციპალიტეტში აკრძალულია შესვლა და გამოსვლა. დახურულია ყველა ობიექტი აფთიაქების, სურსათის მაღაზიებისა და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის გარდა. საგანგებო წესრიგს პოლიცია და თავდაცვის ძალები იცავენ. რაიონებში ყველა შესასვლელ-გამოსასვლელს ჯარი აკონტროლებს. მარნეულში საველე ჰოსპიტალია მოწყობილი. მთავრობამ მარნეულის და ბოლნისის რაიონები მას შემდეგ დახურა, რაც კორონავირუსი დაუდასტურდა 62 წლის ქალს, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში ჯეო ჰოსპიტალსის მარნეულის კლინიკაში იყო მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის თბილისში გადმოიყვანეს. ეპიდემიოლოგების თქმით, ინფიცირებულ ქალთან პირდაპირი და ირიბი კავშირი 1700-მდე მოქალაქეს ჰქონდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]